ბრიტანეთის საბჭო მუდმივად მხარს უჭერს კულტურისა და განათლების სფეროში შემოქმედებით თანამშრომლობას იმ ქვეყნებთან, სადაც თავად ფუნქციონირებს. ამ მხრივ საქართველოც არ არის გამონაკლისი.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოში ბრიტანეთის საბჭოდან აცნობეს, ამის ნათელი დადასტურებაა ბრიტანეთის საბჭოს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, მისი უდიდებულესობა დედოფლის მიერ რაინდად კურთხეული სერ ვერნონ ელისის ვიზიტი, რომელიც საქართველოში 8-9 ნოემბერს იქნება.
სერ ვერნონ ელისი საქართველოში ჩამოსვლა კიდევ ერთხელ ადასტურებს დიდი ბრიტანეთის უპირობო მხარდაჭერას და ჩვენი ქვეყნის მნიშვნელობის აღიარებას. ბრიტანეთის საბჭოს პირველი პირის გრაფიკი დატვირთული იქნება განათლებისა და კულტურის სფეროს მოღვაწეებთან მნიშვნელოვანი შეხვედრებით.
ამასთან ერთად მისი ვიზიტი ითვალისწინებს კულტურულ ღონისძიებებზე დასწრებასაც.
8 ნოემბერს, 18სთ:00წთ-ზე სერ ვერნონ ელისი გამართავს პრეს-კონფერენციას მისი ვიზიტის მიზნების შესახებ და შემდეგ დაესწრება ბრიტანეთის საბჭოს სასწავლო ცენტრის ოფიციალური გახსნისადმი მიძღვნილ მიღებას
9 ოქტომბერს (11:30-13:00) იგი დაესწრება მოდის ისტორიკოსის კენდალ-მარტინ რობინსის პრეზენტაციას "მოდის გამოფენების ისტორია დიდ ბრიტანეთში" და ფილმის ჩვენებას "საუკეთესო ფეშენ-ფილმები დიდი ბრიტანეთიდან"
ამავე დღეს სერ ვერნონ ელისი თბილისისა და მცხეთის ღირსშესანიშნავ ადგილებსაც დაათვალიერებს.
ცოტა რამ სერ ვერნონ ელისის შესახებ
სერ ვერნონ ელისი 2010 წლის მარტში ჩაუდგა სათავეში ბრიტანეთის საბჭოს.
მას გააჩნია როგორც ბიზნესის, ასევე ხელოვნების სფეროში მუშაობის მდიდარი გამოცდილება.
იგი 2010 წელამდე სხვადასხვა მნიშვნელოვან პოზიციებზე მუშაობდა წარმატებულ ბრიტანულ კომპანიაში " Accenture ". სწორედ მის საქმიანობას უკავშირდება კომპანიის მნიშვნელოვანი წარმატებები. 1990-იან წლებში ვერნონ ელისი ფირმის საქმიანობას უძღვებოდა ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში, ინდოეთსა და აფრიკაში. მან ასევე ხელი შეუწყო ურთიერთობების განვითარებას და სერიოზული კავშირის დამყარებას დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმსა და მის კომპანიას შორის.
2001 წლიდან ვერნონ ელისი იყო საერთაშორისო თავმჯდომარე და ამასთანავე უძღვებოდა გლობალურ კორპორაციულ სამოქალაქო აქტივობებს, ფოკუსირებული იყო დასაქმებისათვის აუცილებელ უნარებზე, მოხალისეობასა და ფონდების განაწილება-მოძიების ასპექტებზე.
იგი ასევე იყო დამფუძნებელი და ხელმძღვანელი " Accenture Development Partnerships "-ისა და ამავდროულად ხელმძღვანელობდა მისი ორგანიზაციისა და დავოსის მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის ურთიერთობებს. იყო გაერთიანებული სამეფოს კერძო სექტორის წარმომადგენელი დიდი რვიანის ქვეყნების ციფრული შესაძლებლობების მუშა ჯგუფში (G8 Digital Opportunities Task Force) და ასევე მსახურობდა წამყვანი ბიზნეს სკოლების მრჩეველთა კოლეგიებისა და საკონსულტაციო კომიტეტებში.
სერ ვერნონ ელისი ხელმძღვანელობს წამყვან კულტურულ ტურისტულ კომპანიას - " Martin Randall Travel Ltd " და პირველადი სამედიცინო დახმარების კომპანიას " One Medicare ".
სერ ვერნონ ელისი 2005-დან 2012 წლამდე სათავეში ედგა ინგლისის ნაციონალური ოპერას და ორგანიზაციას სწორედ იმ ტრანსფორმაციის პერიოდში უძღვებოდა, რომლის დროსაც იგი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ინოვაციურ და პროდუქტიულ საოპერო კომპანიად ჩამოყალიბდა.
სერ ვერნონ ელისი ასევე აქტიურადაა ჩართული სხვა მუსიკალურ ორგანიზაციების საქმიანობაში და სათავეში უდგას ნაციონალურ საოპერო სტუდიას. მისივე საქველმოქმედო ფონდის საშუალებით იგი აქტიურად ეხმარება კულტურის სფეროში მომუშავე კომპანიებს, ხელოვანებს, საქველმოქმედო ორგანიზაციებს.
სერ ვერნონ ელისის ფონდი წელიწადში 80-მდე კონცერტს აწყობს უშუალოდ მის სახლში, ლონდონში, აძლევს რა თანაბარ შესაძლებლობებს როგორც ცნობილ ხელოვანებს, ისე დამწყებ ნიჭიერ ახალგაზრდებს უფრო ფართოდ გაიცნოს ისინი საზოგადოებამ. ამ ღონისძიებებით იგი შესაძლებლობას აძლევს როგორც მუსიკალურ, ისე საქველმოქმედო ორგანიზაციებს მოიზიდონ თანხები.
სერ ვერნონ ელისი, დღიდან დაარსებისა (1997წ) 2009 წლამდე თავმჯდომარეობდა კლასიკურ საოპერო კომპანიას, დღეს კი მისი პრეზიდენტია. 2004-2010 წლებში იგი მუსიკის სამეფო კოლეჯის რწმუნებული იყო.
სერ ვერნონ ელისი 2011 წელს მისი უდიდებულესობა დედოფლის მიერ რაინდად კურთხეული იქნა მუსიკისადმი თავდადებული მსახურებისთვის. იგი 2012 წელს დაინიშნა ხელოვნებისა და მედია სფეროში ჯილდოების მიმნიჭებელი კომიტეტის თავმჯდომარედ.
მისი თავმჯდომარეობის პირველი ვადა ბრიტანეთის საბჭოში 2013 წელს მთავრდება, მაგრამ ხელახლა იქნა არჩეული კიდევ სამი წლით - 2016 წლამდე.