საქართველოოს შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ბაჩანა ახალაიას ბრალს 48 საათში წაუყენებენ. როგორც მისი ადვოკატი დავით დეკანოიძე აცხადებს, ახალაიას ბრალად უფლებამოსილების გადამეტება ედება - კერძოდ, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავდაცვის მინისტრის პოსტზე ყოფნისას თანამშრომლების სიტყვიერ შეურაცხყოფაში დაადანაშაულეს. დეკანოძის თქმით, ბაჩანა ახალაია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის III ნაწილის საფუძველზე დააკავეს.
კოდექსის მიხედვით, 333-ე მუხლი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ეხება. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება (არაერთგზის, ძალადობით ან იარაღის გამოყენებით, დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით) სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან რვა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
თუმცა, საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებული განცხადების თანახმად, გამოძიება მიმდინარეობს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით. ეს მუხლი კი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ეზება. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
შს ყოფილი მინისტრი ბაჩანა ახალაია პროკურატურაში დაკითხვაზე დღეს, 20.30 საათზე დაიბარეს. 4-საათიანი დაკითხვის დაკითხვის შემდეგ კი დააკავეს