შსს ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალია პროკურატურაში ჩვენების მისაცემად დაიბარეს, - აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებთან მთავარმა პროკურორმა უწყებაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს.
არჩილ კბილაშვილის განცხადებით, საქმე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით აღიძრა და მოკვლევა მიმდინარეობს. კბილაშვილის განმარტებით, ახალაია მოწმის სტატუსით პროკურატურაში დღეს, 20.30 სთ-ზეა დაბარებული, ამის შესახებ ახალაიას გამოძიების საპროცესო წარმომადგენელმა უკვე აცნობა.
"როდესაც ის მოვა საქართველოს მთავარ პროკურატურაში, მოხდება მისი მოწმის სახით დაკითხვა. ფაქტთან დაკავშირებით არსებული მონაცემები შეეხება ცალკეულ პირთა მიმართ მოპყრობის არასწორ ფორმებს, კონკრეტული დეტალები კი უნდა დაზუსტდეს და ამიტომ არის საჭირო ახალაიას დაკითხვა," - განაცხადა კბილაშვილმა.
მთავარი პროკურორის განცხადებით, გამოძიებას აწარმოებს შსს-ს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში, საგარეო დაზვერვის სპეციალურ სამსახურში, თავდაცვისა და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროებში საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტი.
მთავარი პროკუროი დამატებითი ინფორმაციის გავრცელებისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ კანონით მას დეტალებზე საუბრის უფლება არ აქვს, თუმცა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოწმის დაკავება არ იგეგმება და ამაზე მხოლოდ საჭირო მტკიცებულებების შემდეგ შეიძლება საუბარი.