ემზარ კვიციანის და, ნორა კვიციანი პატიმრობიდან გათავისუფლდა. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა რუსთავში მდებარე ქალთა სასჯელაღსრულების #5 დაწესებულებაში ყოფნისას ხუთი პატიმარი ქალი გაათავისუფლა, მათ შორის ერთ-ერთი ნორა კვიციანი.
ნორა კვიციანი კოდორის ცნობილი მოვლენების დროს, 2006 წლის 26 ივლისს დააპატიმრეს. დაკავებამდე ის კოდორის ხეობის სოფელ აჟარის გამგებელი იყო. ნორა კვიციანის მიმართ, საქმე ერთდროულად რამდენიმე მუხლით აღიძრა. კერძოდ, მას უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნაში, იარაღის უკანონო შენახვასა და მისი გამგებლობის დროს სახელმწიფო ქონების - 75 ათასი ლარის მითვისებაში ედებოდა ბრალი. მოგვიანებით ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მას თავისუფლების 6 წლითა და 6 თვით აღკვეთა მიუსაჯა. საქმემ საქართველოში სამივე სასამართლო ინსტანცია გაიარა.
თავად ნორა კვიციანი წაყენებულ ბრალდებებს არ აღიარებს. მისი საქმე 2007 წელს სტრასბურგში გაიგზავნა. ამ დროისთვის მას ნომერი უკვე აქვს მინიჭებული, განხილვა კი ჯერჯერობით არ დაწყებულა.