დევნილთა ობიექტებში შეჭრის ფაქტებს სამართალდამცავი უწყებები სწავლობენ, - განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა დავით დარახველიძემ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, 6 სამინისტროს (დევნილთა სამინიტრო, შსს, პროკურატურა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრო, ეკონომიკის და ფინანსთა სამინისტროები) შემადგენლობით, ასევე შექმნილია უწყებათშორისი კომისია, შეჭრის ფაქტებს კი სამართალდამცავი უწყებები სწავლობენ.
„ საქართველოს მთავრობაში შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია. კომისიის ფარგლებში სამართალდამცავ ორგანოებს გადაეცა ყველა მასალა როგორც შეჭრის ორგანიზატორების, ასევე სავარაუდო თაღლითების შესახებ, რომლებიც ცდილობენ, ხელი მოითბონ შექმნილი მდგომარეობით. პირადად მე, არაერთხელ მოვუწოდე დევნილებს, თავი შეიკავონ აღნიშნული კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისაგან, დატოვონ დაკავებული ფართები და დაბრუნდნენ თავიანთ ყოფილ საცხოვრებელს", - განაცხადა დარახველიძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ, დღეიდან უწყებათშორისი კომისიის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელება დაიწყო. „ბაქოს ქ. #1-ში შეჭრილ დევნილებს გადაეცა ოფიციალური წერილობითი გაფრთხილება, რომ მათ ნებაყოფლობით გაათავისუფლონ დაკავებული ფართი. იმ ოჯახებს, ვისაც საცხოვრებელი ფართი ნამდვილად არ გააჩნია, სამინისტრო არსებული რესურსების გათვალისწინებით ალტერნატივას შესთავაზებს."
მინისტრის თქმით, ვინც არ დაემორჩილება აღნიშნულ გაფრთხილებას, მათ მიმართ გამოყენებული იქნება სოპ-ი (სპეციალური ოპერაციული პროცედურები). მონიტორინგს კი განახორციელებენ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები.
ღონისძიებების შესახებ ინფორმირებული არიან საერთაშორისო, დონორი და პარტნიორი ორგანიზაციები.