გორის ბაზრის ყოფილი მფლობელი ქონების უკან დაბრუნებას ითხოვს. ბაზრის ყოფილი მფლობელი, ჯემალ წიკლაური მოუწოდებს ბაზრის ამჟამინდელ მფლობელს - შპს „სავაჭრო ცენტრს" ნებაყოფილობით დაუბრუნოს ის ქონება, რომელიც მას 2004 წელს წაართვეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, 6 ნოემბერს 12:00 საათზე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ოფისში, ჯემალ წიკლაური და მისი ადვოკატი ვახტანგ დვალიშვილი პრესკონფერენციას გამართავს.
ჯემალ წიკლაური გორის ბაზარს 1996 წლიდან ფლობდა, 2004 წელს გადასახადების დამალვის ბრალდებით დააპატიმრეს. ჯემალ წიკლაურის თქმით, პატიმრობაში ყოფნისას ყოფილი გუბერნატორი მიხეილ ქარელი და იმ ჟამინდელი შიდა ქართლის საოლქო პროკურორი აკაკი ტერაშვილი მას გორის საკოლმეურნეო ბაზრის სახელმწიფოსთვის ჩუქებას სთხოვდა. 4 თვიანი პატიმრობის შემდეგ წიკლაურმა ქონების სახელმწიფოსთვის ჩუქების ნოტარიულ აქტს ციხეში მოაწერა ხელი. პრესკონფერენციაზე, ჯემალ წიკლაური მასმედიას მოუთხრობს მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე.