ბოტანიკური ბაღი იუბილარია. ბაღი უკვე ერთსაუკუნოვან ისტორიას მოიცავს, რაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ და ბაღის ახალმა ადმინისტრაციამ ბაღის კვირეულით აღნიშნეს.
ბოტანიკურ ბაღში ერთ-ერთ სკვერს იასონ გორდეზიანის სახელი მიენიჭა.
იასონ გორდეზიანი ცნობილი ქართველი აგრონომ-დეკორატორი იყო. დაამთავრა ვერსალის სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი. სუპტროპიკულ და ტროპიკულ მცენარეთა შესწავლის მიზნით, მუშაობდა საფრანგეთის, ბელგიის, შვეიცარიის, ჰოლანდიის სხვადასხვა საბაღო მეურნეობებში. ასევე იყო ლონდონის სამეფო ბაღში მებაღე დეკორატორი.
გორდეზიანი ბოტანიკური ბაღის ერთ-ერთი დამაარსებელია. მისი უშუალო ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით გაიკაფა და ამოიძირკვა ბაღისათვის გამოყოფილი დაჭაობებული ტერიტორია. მის სახელთანაა დაკავშირებული ბათუმის ბულვარისა და ქუჩების გამწვანება.
ბათუმის ბოტანიკური ბაღის 100 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო კვირეულის დასკვნითი საღამო ხელოვნების ცენტრში შედგა.
საზეიმო საღამოს ოფიციალური ნაწილი სიტყვით გამოსვლებსა და დაჯილდოებას მოიცავდა. სპეციალური ჯილდოები იმ ადამიანების შთამომავლებს გადაეცათ, რომლებმაც თავის დროზე ბოტანიკური ბაღის დაარსებასა და განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.
ბოტანიკური ბაღი ოფიციალურად 1912 წლის 3 ნოემბერს კრასნოვის მიერ დაარსდა. დასკვნითი ღონისძიება სიმბოლურად სწორედ 3 ნოემბერს დაამთხვიეს.
საზეიმო ღონისძიებას ბათუმის მერი და ვიცე-მერი დაესწრნენ. საღამოზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძისა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ავთანდილ ბერიძის მილოცვები წაიკითხეს.