ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი უმთავრესი სალოცავი - მაცხოვრის აღდგომის ტაძარი იერუსალიმში, ფინანსური პრობლემების გამო დაკეტვის საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა.
კორპორაცია " Gihon"-ის მოთხოვნით, რომელიც იერუსალიმს წყლით უზრუნველყოფს, ტაძრის მმართველი ბერძნული მართლმადიდებლური საპატრიარქოს ანგარიში გაიყინა
კომპანიის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ საპატრიარქოს დავალიანებამ 2,5 მილიონი დოლარი შეადგინა.
თავის მხრივ, საპატრიარქო უარს აცხადებს გადაიხადოს გადასახადი, რადგან მრავალი საუკუნის წინ დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, ტაძარი არ იხდიდა წყლის საფასურს - არც ჯვაროსნების, არც არაბების, არც ოსმალების ბატონობის პერიოდში და არც მათ შემდეგ. 1969 წელს ექვსდღიანი ომის შემდეგ ეს წესი დაადასტურა იერუსალიმის მაშინდელმა მერმა.
მოგვიანებით ქალაქის წყლით უზრუნველყოფის მეურნეობა გადაეცა კერძო კომპანიას და " Gihon" -ის ბუღალტერიამ, რომელიც ცუდად იყო ინფორმირებული უძველესი ტრადიციის შესახებ, დაიწყო საპატრიარქოსათვის ანგარიშების გაგზავნა, რომელიც გადაუხდელი დარჩა.
ეკლესიაში აღიარებენ, რომ არანაირი დოკუმენტი, რომელიც ტაძარს წყლის გადასახადის გადახდისგან ათავისუფლებს, არ არსებობს, მაგრამ ტრადიცია უნდა იყოს უფრო ძლიერი ვიდრე, დოკუმენტი.
საპატრიარქოს ანგარიში სასამართლოს მიერ გაიყინა, რის გამოც ეკლესიამ დაკარგა ნორმალური ფუნქციონირების უნარი. პატრიარქმა თეოფილე III -მ განაცხადა, რომ თუ სიტუაცია უახლოეს დროში არ გამოსწორდება, ის იძულებული იქნება ტაძარი დაკეტოს.
ბერძნული ეკლესიის ხელმძღვანელობამ თხოვნით მიმართა ისრაელის მთავრობას გადაწყვიტოს ეს საკითხი, მაგრამ თხოვნას პასუხი ჯერ არ მოჰყოლია. საპატრიარქოს წარმომადგენელი არქიეპისკოპოსი არისტრახი აცხადებს, რომ სიტუაციის დარეგულირებამდე ტაძარი მზადაა გადაიხადოს მიმდინარე გადასახადი, მაგრამ არ შეუძლია ერთდროულად გადაიხადოს 2,5 მილიონი დოლარი. არქიეპისკოპოსმა ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ საპატრიარქოს უნდა დაეხმაროს "ღმერთი და კეთილი ადამიანები".