"გზა ღვთისკენ არ არის იოლი. ეს არის ვიწრო გზა, მრავალი განსაცდელით. მაგრამ ის ადამიანმა ბოლომდე უნდა განვლოს. ხოლო როცა ეცემა, უნდა სთხოვოს ღმერთს - დავიღალე, დავიღალე, მოდი ჩემთან უფალო. სარწმუნოება არის უდიდესი ძალა ადამიანისთვის", - ბრძანა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილიამ მეორემ საკვირაო ქადაგებისას.
მისი თქმით, ყველაფერი უფლის ნებით ხდება და ძალიან რთული საკითხია, თუ როგორ მიდიან ადამიანები ღმერთთან და როგორ მიდის უფალი ადამიანებთან.
პატრიარქმა აღნიშნა, რომ ასევე უდიდესი საუნჯეა სამშობლო.
"ვინც მოწყვეტილია სამშობლოს, ის სუსტია, ეცემა, მას მტერი თრგუნავს. სამშობლო არის ჩვენი ფესვები. როგორც მცენარე საზრდოობს ფესვებით, ისე ჩვენ ვსაზრდოობთ წინაპრების დახმარებით, რადგან არსებობს სულთა კავშირი. ამიტომ სამშობლო დიდი საიდუმლოებითაა მოცული", - აღნიშნა უწმინდესმა.
კათალიკოს-პატრიარქის თქმით, უდიდეს საუნჯეს განეკუთვნება ადამიანიც.
"ადამიანი ერთხელ მოდის დედამიწაზე, იგი არის ხატება ღვთისა. ადამიანმა უნდა მიაღწიოს მსგავსებას ღვთისას და უნდა იყოს მკვიდრი სასუფევლისა. ლოცვა და შრომა არის ადამიანის დანიშნულება. ჩვენ ხელის გულზე უნდა ვატარებდეთ ადამიანს და ერთმანეთის სიმძიმე უნდა ვიტვირთოთ. ღმერთი, სამშობლო, ადამიანი, ეს უდიდესი საუნჯეა, რომელსაც ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ", - აღნიშნა პატრიარქმა.