ირანის ისლამური რესპუბლიკის ხელისუფლება სუდანის პორტში სამხედრო ხომალდებს აგზავნის. ამის შესახებ გაზეთი "ნიუ-იორკ პოსტი" წერს. ხომალდები ისლამური რესპუბლიკის სამხედრო-საზღვაო ძალებს ეკუთვნის. შენაერთი უკვე გაემგზავრა აფრიკული სახელმწიფოს მიმართულებით. საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ამის მიზეზი, ოფიციალურად, ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში, სამგზავრო გემებზე მეკობრეების გახშირებული თავდასხმები გახდა.
მიუხედავად აღნიშნული გაცხადებისა, ექსპერტები ეჭვობენ, რომ ირანს ამ მიმართულებით რადიკალურად განსხვავებული მიზანი აქვს. რამდენიმე დღის წინ, სუდანის ერთ-ერთი პორტის სიახლოვეს, სამხედრო ქარხნის ტერიტორიაზე, აფეთქება მოხდა. ხელისუფლებას ეჭვი გაუჩნდა, რომ აფეთქება ისრაელის ავიაციამ განახორციელა. ებრაულ მედიაში გავრცელებული ცნობების მიხედვით კი ირკვევა, რომ ოფიციალურ თელ-ავივს ამ ქარხანაში დამზადებული იარაღის "ისლამური ჯიჰადისთვის" გამოყენებაზე ჰქონდა ეჭვი, რომელსაც ირანის მიერ ლობირებული "ჰამასი" აწარმოებს ისრაელის წინააღმდეგ.
ირანის ხელისუფლება კი, სამხედრო გემების გაგზავნის პარალელურად, უკანასკნელი ორი დღეა, თეირანში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს აღების 33-ე წლისთავს აღნიშნავს. ამ დღეს, ირანში, მსოფლიო იმპერიალიზმთან ბრძოლის დღეს უწოდებენ. ისლამური რესპუბლიკის მთელ რიგი ქალაქებში, ამ ისტორიული ფაქტის აღსანიშნავად, საერთო-სახალხო ზეიმი იმართება. რამდენიმე ასეული ადამიანი გუშინაც შეიკრიბა ქალაქის ცენტრში. ზეიმში მონაწილეობა მიიღო "ბასიჯების" შენაერთმაც, რომელიც ელიტურ სამხედრო დაჯგუფებად ითვლება და ირანის ხელისუფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საყრდენია.
წელს, 4 ნოემბერი რელიგიურ დღესასწაულს დაემთხვა, ამიტომ ირანელებმა ისტორიული თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 2-3 ნოემბრისათვის გადმოიტანეს. 4 ნოემბერს, ირანის ახალ ისტორიაში, ორი უმნიშვნელოვანესი მოვლენა მოხდა: 1978 წლის 4 ნოემბერს შაჰის რეჟიმის ჟანდარმებმა თეირანის უნივერსიტეტი დაცხრილეს, 1979 წლის 4 ნოემბერს კი, რევოლუციური განწყობის მქონე სტუდენტებმა, რომელთა შორისაც ირანის დღევანდელი პრეზიდენტი, მაჰმუდ აჰმადინეჯადიც იმყოფებოდა, თეირანში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო აიღეს. ამ ინციდენტის მიზეზი გახდა ეჭვი, რომ საელჩოს თანამშრომლები, დიმპლომატების ნიღაბქვეშ, ჯაშუშურ საქმიანობას ეწეოდნენ, ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ.