2012 წლის 2 ნოემბერს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები იმყოფებოდნენ ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა N19 სამკურნალო დაწესებულებაში. მონიტორინგის მომენტისთვის დაწესებულებაში სიმშვიდე იყო, თუმცა მსჯავრდებულები უკმაყოფილებას გამოხატავდნენ დაწესებულებაში არსებული მძიმე მდგომარეობის გამო.
მსჯავრდებულთა განცხადებით, მათ ჯანმრთელობას არ ექცევა ჯეროვანი ყურადღება. ისინი არ არიან უზრუნველყოფილნი სათანადო მედიკამენტებით, მათ შორის, ღვიძლის და სხვა ორგანოების დამცავი პრეპარატებით, რაც აუცილებელია ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მკურნალობისას.
მსჯავრდებულები აცხადებენ, რომ N19 დაწესებულების მთავარი ექიმი, ოთარ ტრაპაიძე არ ასრულებს თავის მოვალეობებს, კერძოდ, არ ინტერესდება ავადმყოფების მდგომარეობით, მიზანმიმართულად არ ახდენს მძიმე ავადმყოფების წარდგენას სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზაზე სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მიზნით, ხოლო თუ ავადმყოფი პატიმარი თავისი ხარჯებით ჩაიტარებს ექსპერტიზას, ოთარ ტრაპაიძე სასამართლოს არწმუნებს, რომ თვითონ შეძლებს მის განკურნებას N19 დაწესებულებაში. განცხადებაში მოყვალია ცხრა მსჯავრდებულის გვარი, რომლებიც სასჯელაღსრულების სისტემაში სწორედ ამგვარი გულგრილი დამოკიდებულების გამო გარდაიცვალნენ და აღნიშნულია, რომ ეს სია არ არის ამომწურავი.
გარდა ამისა, N19 დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულები აცხადებენ, რომ უკანასკნელ ხანებში საგრძნობლად გაუარესდა კვება. ავადმყოფებს არ ეძლევათ მათთვის საჭირო კალორიულობის და ნოყიერების შემცველი კერძები, დიეტური და დიაბეტური საკვები. აღნიშნული ხარვეზი წარსულში ივსებოდა ამანათებით შემოსული პროდუქტებით, თუმცა ბოლო დროს დამატებითი საკვები პროდუქტები, რასაც წარსულში იღებდნენ, ამანათებით აღარ მიეწოდებათ. მაღაზიაშიც პრაქტიკულად არ იყიდება ის პროდუქტები, რომლებიც მათ ესაჭიროებათ. ამანათით ასევე არ შემოდის თბილი ტანსაცმელი, რისი უქონლობაც თვალშისაცემი იყო მსჯავრდებულებთან დაწესებულების ეზოში გასაუბრების დროსაც.
მსჯავრდებულები უკმაყოფილებას გამოთქვამენ დაწესებულებაში არსებული უმძიმესი საყოფაცხოვრებო და ჰიგიენური პირობების გამოც, რაც ასევე უარყოფითად მოქმედებს მათ ჯანმრთელობაზე.
მსჯავრდებულებმა სახალხო დამცველის წარმომადგენლებს გადასცეს კოლექტიური განცხადება, რომელსაც ხელს აწერს 507 მსჯავრდებული.
საქართველოს სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმი მიმართავს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს, შეისწავლოს ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა განცხადებაში მოყვანილი ფაქტები და მოახდინოს სათანადო და დროული რეაგირება.