სოფელ ნიგვზიანში შემოქმედის ეპარქიისა და საქართველოს მუფთის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკება დასრულდა.
ორივე მხარე საკუთარ მრევლს სიმშვიდისკენ მოუწოდებს, ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება მოლაპარაკება, რის შემდეგაც გადაწყვეტილებას მიიღებენ.
გურიის სოფელ ნიგვზიანში მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს შორის გაუგებრობა სამლოცველოსთან დაკავშირებით დაიწყო. სოფელში ჩასახლებულმა ეკომიგრანტმა აჭარლებმა ერთ-ერთ სახლში მუსულმანური სამლოცველო მოაწყვეს, რასც ადგილობრივი მართლმადიდებლების ნაწილის პროტესტი მოჰყვა.
ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნიგვზიანში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა განცხადება გააკეთა და მთავრობას მოუწოდა ადგილზე გაეცნოს პრობლემებს და ვითარების განსამუხტად შესაბამისი ზომები მიიღოს.
ქვეყნის პირველი პირის განცხადებით, დაძაბულობას, რომელიც იმის გამო წარმოიქმნა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა აჭარიდან ჩასახლებულ მუსულმან ეკომიგრანტებს ლოცვის საშუალებას არ აძლევს, ხელოვნური ხასიათი აქვს.
მისი თქმით, სამართალდამცველებმა ყველა ღონე უნდა იხმარონ, რათა მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს და ქვეყანაში სამოქალაქო მშვიდობა შენარჩუნდეს.