პარტია "იმედი"-ს თავმჯდომარე ირინა სარიშვილი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ე. წ. დამოუკიდებლობის თემის განხილვის გააქტიურებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ეს "იმ ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებში შედის, რომელსაც საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება პრიორიტეტად ასახელებს". სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში, სარიშვილი ამბობს, რომ ეს რა თქმა უნდა, არ იქნება რუსეთის ინტერესებს მიღმა, რომელიც "ისევე ისარგებლებს შექმნილი მდგომარეობით, როგორც ერთხელ უკვე ეს 2008 წელს გააკეთა".
"1-ლი ოქტომბრის არჩევნების შედეგად შეიცვალა პოლიტიკური ძალის სახელწოდება, რომელმაც გაიმარჯვა საპარლამენტო არჩევნებში, მაგრამ არც ერთი ნიუანსითაც არ შეცვლილა საგარეო პოლიტიკური კურსი - აბსოლუტურად ყველაფერში თანხვედრაა. ამიტომაც არანაირი წინსვლა არ არის. პირადად მე და არც ერთი ადამიანს, რომელიც უფრო მეტი ყურადღებით ადევნებდა თვალს იმ გამონათქვამებს, რომელიც კოალიცია "ოცნების"ლიდერებს ჰქონდათ, არც ერთი წუთითაც კი იმის ილუზიაც არ გვქონია, რომ იმავე რუსეთთან შესაძლებელი იქნებოდა ურთიერთობების დარეგულირება და ის, რომ ბიძინა ივანიშვილს პრორუსული ორიენტაციისა და რუსეთისთვის საჭირო პოლიტიკოსს უწოდებდნენ, უბრალოდ წინასაარჩევნო ფანდი იყო "ნაციონალების" მხრიდან - მათი მოწინააღმდეგე ასე უნდა იწოდებოდეს, - აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში და აღნიშნავს, რომ რაც შეეხება დღევანდელ დღეს, იქიდან გამომდინარე, რომ ამ თვალსაზრისით ქვეყანაში ხელისუფლება არ შეცვლილა და სხვა თვალსაზრისით შეიცვალა თუ არა, ამას მომავალი გვიჩვენებს და ცხადყოფს მოხდა თუ არა თვისობრივი სისტემური ცვლილება. ის საფრთხე, რომელიც აფხაზეთისა და სამაჩაბლოს აღიარების მდგომარეობას ეხება, რა თქმა უნდა, ისევ ისე რჩება.
"საფრთხე მდგომარეობს იმაში, რაზეც ჩვენ არჩევნებამდე ბევრად უფრო ადრე ვსაუბრობდით, რომ საზოგადოებაში რამდენიმე ადამიანმა სიგნალის სახითაც კი გამოუშვა, აწია თემები - ეს არის საქართველოს ხელისუფლების მხრიდან აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის აღიარება . ეს იყო იმ კონკრეტულ შემთხვევაში იმ ხელისუფლების ანუ "ნაციონალების" ხელისუფლების ეგიდით თამაში, მაგრამ იმდენად, რამდენადაც ეს ორი ძალა ამ თვალსაზრისით სტრატეგიულად არანაირად არ განსხვავდება ერთმანეთისაგან, რეალურად წავა ამ ხელისუფლების მხრიდანაც იგივე კალაპოტში საუბარი, _ აცხადებს ირინა სარიშვილი.
მისივე თქმით, რამდენიც არ უნდა - არ ილაპარაკონ უკვე ამ თემაზე ან სხვანაირად ილაპარაკონ "რესპუბლიკელებმა" ყველამ კარგად იცის, რომ ეს არის მათი ე. წ."კანიოკი" - საქმე უკვე დაკანონებულ აღიარებამდე უნდა მივიდეს.
"ჩვენ არ დაგვავიწყდეს, რომ ბევრისთვის არასასურველი და გაუგებარი არჩევანი რესპუბლიკელებზე ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. ეს არ ყოფილა ბუნებრივია, არც შინაგანი ემოციის გამო და არც რაღაცა პირადი ნათესაობისა და ახლობლობის ნიშნით, ეს იყო სრულიად ნათლად ნაკარნახევი იდეა და ნუ ვიტყვით, რომ ამ იდეის მკარნახებლებს გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით განვსაზღვრავთ. ამ შემთხვევაში, აქ ლაპარაკია, რა თქმა უნდა, ამერიკის სტრატეგიულ ინტერესებზე, მაგრამ ამ გეგმის განმხორციელებლები ყველგან არიან, მათ შორის, რუსეთსა და საქართველოშიც.
"რესპუბლიკელების" ერთ-ერთი ცნობილი თემა და კონცეფცია სწორედ ამ საკითხს ეხება. ეხება სწორედ იმას, რომ დემაგოგიურად, რა თქმა უნდა საქმე წავიდეს იქითკენ, რომ გვქონდეს არა ერთი, არამედ რამდენიმე ქართული სახელმწიფო - თითქოს ამ ერთს ბოლომდე ფეხზე ვაყენებთ. ფედერაციულ მოწყობაზეც კი არ არის საუბარი, აქ არის საუბარი იმდენად ფართო დამოუკიდებლობაზე, რომელიც საქართველოს მხრიდან იურიდიულ თანხმობას საჭიროებს", _ აცხადებს სარიშვილი და აღნიშნავს, რომ მისი აზრით, ახლანდელი ხელისუფლება ამაზე საუბარს სულ მალე დაიწყებს.
"მე ვფიქრობ, რომ ძალიან ცოტა ხანში ამისკენ წავლენ. ეს შედის იმ ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებში, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება პრიორიტად ასახელებს. რა თქმა უნდა, ეს არ იქნება რუსეთის ინტერესებს მიღმა და რა თქმა უნდა, რუსეთი ამით ისარგებლებს რომელმაც უკვე ისარგებლა შექმნილი სიტუაციით 2008 წელს.
ახლა, იმედი მაქვს არ დაიწყება ნატოში მიღების დაპირებების ახალი სერიალი , სადაც ჩვენ მაინც არ მიგვიღებენ და სპეციალური განცხადებებისა და დაპირებების იქით არაფერი მოხდება. გეოგრაფიულად, სადაც არ უნდა იყოს პრიორიტეტული პარტნიორი - მას აუცილებლად აწყობს სტაბილური მდგომარეობა ქვეყანაში და ერთადერთი საშუალება ამ დარეგულირებისა არის ის რომ, აღიარება უნდა მოხდეს. ამიტომაც არც ის არის გასაკვირი, თუ რატომ გაიმეტა "ნაციონალური მოძრაობის" უკან მდგომმა ძალამ ეს პარტია, მაგრამ მას უკვე იმდენად გაფუჭებული ჰქონდა ავტორიტეტი და იმდენად დაცემული იყო ნდობა მის მიმართ, რომ ამ ნაბიჯის გადადგმისა და ამ თემაზე გადაწყვეტილების მიღების არჩევანი დიდი ნდობით აღჭურვილ პარტიაზე გაკეთდა",- აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ირინა სარიშვილი.