მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი ლევან გაჩეჩილაძის შვილს, გიორგი გაჩეჩილაძეს თავდებში უდგება. ამის შესახებ მის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
"მე, ზაზა პაპუაშვილი, როგორც მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი, თავდებში ვუდგები გიორგი გაჩეჩილაძეს, რომელსაც პირადად ვიცნობ. ის არასდროს ყოფილა ნასამართლევი. მომხდარი ინციდენტის გამო პოლიციაში გამოძახებისთანავე გამოცხადდა და დაიკითხა. აქედან გამომდინარე, ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ გაგა გაჩეჩილაძე არ შეუშლის ხელს ობიექტურ გამოძიებას, ამიტომ ვფიქრობ, შესაძლებელია, რომ მის მიმართ არ იქნას გამოყენებული წინასწარი პატიმრობა", - აღნიშნულია ზაზა პაპუაშვილის განცხადებაში.
გიორგი გაჩეჩილაძეს თავდებში ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი შალვა შავგულიძეც უდგება.
შეგახსენებთ, რომ ძველი თბილისის რაიონულმა სამმართველომ ლევან გაჩეჩილაძის შვილი, გიორგი გაჩეჩილაძე 27 ოქტომბერს დააკავა. გაჩეჩილაძეს ბრალი ხულიგნობის მუხლით წაუყენეს. საქმე ეხება გრიბოედოვის ქუჩაზე მდებარე კაფე "გალერეაში" მომხდარ ჩხუბს, რომლის დროსაც კაფის დაცვის ერთ-ერთი თანამშრომელი, ირაკლი ცინდელიანი დაიჭრა.
მასალის გამოყენების პირობები