ENG / RUS       12+

არჩილ ხაბაძე: აჭარაში მიმდინარე პროექტები აუცილებლად გადაიხედება

რესპოდენტის შესახებ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი არჩილ ხაბაძე სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" სამომავლო გეგმებსა და პროექტებზე საუბრობს. ხაბაძე ამბობს, რომ რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, აჭარით ახალი ინვესტორები დაინტერესდნენ. რეგიონში ინვესტირებაზე ახალ მთავრობას მათი მხრიდან მზაობა უკვე აქვს. თუმცა ვიდრე აჭარის მთავრობა თავისი გეგმების განვითარებისთვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას დაიწყებს, მანამდე აჭარის საკანონმდებლო ორგანომ აღმასრულებლობის კანდიდატებს ნდობა უნდა გამოუცხადოს.

- ჯერჯერობით კონკრეტულ გეგმებთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, რადგანაც საწყის ეტაპზე ყველაფრის შესწავლა უნდა მოხდეს. ამ ეტაპზე პირველი საკითხია მინისტრთა კაბინეტის ჩამოყალიბება და წარდგენა უმაღლეს საბჭოში. ამის შემდეგ შევდივართ სამინისტროებში და ვეცნობით ვითარებას, თუ რა ხდება, თუ რა გეგმები არსებობს წლის ბოლომდე და რომელი პროექტებია დასასრულებელი. პარალელურად, უნდა გავაკეთოთ პროექტირება, წინასაარჩევნო პროექტებთან მიმართებაში, რეგიონის თავისებურებების გათვალისწინებით. გვინდა დავდოთ ერთგვარი პროექტი, რომელიც შეჯერებული იქნება წინასაარჩევნო პროგრამასთან და აჭარის თავისებურებებთან - ეს იქნება ტურიზმის მიმართულება თუ სხვა სფეროები.

- წინასაარჩევნო დაპირებების გათვალისწინებით, ხომ არ იგეგმება აჭარის 2012 წლის ბიუჯეტში კორექტირებების შეტანა? დღეს აჭარაში მშენებლობების უმეტესობა შეჩერებულია და ამ ფონზე ხომ არ მოხდება 2012 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის გადახედვაც?

- მიმდინარე პროექტები აუცილებლად გადაიხედება და ახალი პროექტებთან დაკავშირებით, ალბათ, კონცეფციები იქნება შემუშავებული, რა გვინდა, როგორ გვინდა და სად მივდივართ. ახლა შევდივართ და არ ვიცით, რა მასშტაბებია და ზოგადად რა სიტუაციაა ბიუჯეტში, რა თანხები გვაქვს ბიუჯეტში და როგორ შეიძლება რომ ეს პროექტები წლის ბოლომდე მივიყვანოთ. ამ ეტაპზე არ ვიცით, რა დაგვხვდება აჭარის ბიუჯეტში და ისიც უცნობია, თუ ამ პროექტებს რა ფინანსური მასშტაბები სჭირდება, ვგულისხმობ, რასაც სახელმწიფო მშენებლობები ჰქვია. რაც შეეხება კერძო მშენებლობებს, აუცილებლად მოხდება ბიზნესმენებთან შეხვედრა, მათი პრობლემების გაცნობა, ზოგს საკუთარი ინვესტორი ჰყავს, ზოგიც მხოლოდ დეველოპერია. აუცილებლად მათთან უნდა მოხდეს არსებული სიტუაციის გარკვევა, რათა არ შეექმნათ მათ პრობლემა. ბატონი ბიძინას და, ზოგადად, ჩვენი პოზიციაც ასეთია, რომ ბიზნესმა თავისუფლება და დამოუკიდებლობა უნდა იგრძნოს, ჩვენგან ჩარევა არ იქნება და მათ უნდა მიხედონ საკუთარ კომპანიებს. თუმცა პირველ ეტაპზე მინისტრთა კაბინეტი უნდა დამტკიცდეს და ამის შემდეგ განხორციელდება ის პროცედურები, რაც გითხარით. ამ ეტაპზე, მხოლოდ ზოგადი პასუხები მაქვს და შემდგომში, რაც მთავრობა ამოქმედდება, კონკრეტიკაზედაც გადავალთ.

- ბატონო არჩილ, ახლა თქვენც მითხარით, რომ ბიზნესის საქმიანობაში ჩარევა არ მოხდება და იგივე გააჟღერა კოალიციის ლიდერმაც. თუმცა გავიხსენებ, რომ იგივე ბიძინა ივანიშვილი აჭარაში სათამაშო ბიზნესის წინააღმდეგ გამოვიდა. როგორია თქვენი ხედვა, როგორ უნდა დარეგულირდეს საკითხი ისე, რომ მართლაც კონკრეტული ადგილები ბათუმში მხოლოდ თამაშისა და გარყვნილების ბუდედ არ იქცეს.

- ჩემი პოზიციაა, რომ ნებისმიერ საკითხში გასარკვევად უნდა მოხდეს ანალიზი. ჯერ უნდა ჩატარდეს გარკვეული ანალიზი, რათა გავიგოთ საკითხის დადებითი და უარყოფითი მხარეები. აღნიშნულ საკითხზე ქვეყნის ეკონომიკის მინისტრმაც გააკეთა კომენტარი, რომ ამ ეტაპზე აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში კონსულტაციები არ ყოფილა. ამიტომაც გითხარით, რომ ჯერ უნდა დაიდოს განვითარების პროგრამა და ამის მიხედვით გაირკვეს, ამ მიმართულებით არსებული კანონები ხელს გვაძლევს თუ არა. უნდა გავერკვეთ მის დადებით და უარყოფით მხარეებში, გავიგოთ, რა რისკები არსებობს ამ კუთხით და სხვა. ერთი მხრივ, უნდა გაირკვეს, რამდენად მნიშვნელოვანია ის შემოსავლები, რომელიც ამ სფეროდან შემოდის და მეორე მხრივ, დაიდება სხვა მომენტები და რისკები, რაც ამ ბიზნესს ახლავს. ამიტომ ჯერ უნდა მოხდეს ანალიზი და ამის შემდეგ დაიდოს სახელმწიფოებრივი მიდგომა. ამ ეტაპზე გადაჭრით ვერაფერს გეტყვით, ეს ჩემი პოზიციაა და ცოტა დრო დაგვჭირდება, რომ საკითხშიც გავერკვეთ და უფრო კვალიფიციური პასუხიც გაგცეთ.

- ქობულეთის ტურისტულ ზონასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ: მიგაჩნიათ თუ არა, რომ ეს პროექტი იყო წარმატებული? უკვე გარკვეულწილად გაჟღერდა, რომ ინვესტორისთვის სახელმწიფოს მხრიდან შეთავაზებული პირობები გადაიხედება. მაინტერესებს - გადახევდა მოხდება სამომავლოდ შესათავაზებელ პროექტებზე, თუ იმ ინვესტორებთან მიმართებაშიც, რომლებიც ზონაში ამ დროისთვის 4 სასტუმროს აშენებენ.

- წინა ხელისუფლების შემთხვევაშიც ადგილი ჰქონდა აღიარებას, რომ ეს პროექტი წარმატებული არ იყო და ყველაფერი ისე არ განხორციელდა, როგორი გეგმებიც იყო. იმ პერიოდში გაფორმებულ პროექტებს, კონტრაქტი იქნება თუ შეთავაზება, ჩვენ გვერდს ვერ ავუვლით. იმ ბიზნესმენმა, რომელსაც იქ დაწყებული აქვს პროექტი, ბოლომდე უნდა მიიყვანოს და იმ პირობებს ვერ შევცვლით. ინვესტორებთან, რომელთაც დარღვეული არ აქვთ პირობები, ერთგვარი კონსულტაციები მოხდება. ამით იმის თქმა მინდა, რომ მათ ხელშეკრულებებს არ შევუწყვეტთ, თუ პირობების დარღვევა არ აქვთ. ხოლო მათ, ვინც პირობები დაარღვიეს, შევხედავთ, რატომ მოხდა პირობის დარღვევა და გაჭიანურება. როგორც მახსოვს, მათ წელიწად-ნახევარი ჰქონდათ პროექტების დასასრულებლად.

- კი, თავდაპირველად, მართლაც წელიწად-ნახევარში უნდა დასრულებინათ მშენებლობები, თუმცა შემდგომ მთავრობამ პროექტის დასასრულებლად მათ ვადა გაუხანგრძლივა.

- თუ ვადები გადაუწიეს და მათ პირობები არ დაურღვევიათ, მაშინ ასეთ ინვესტორს არც ჩვენ შევუქმნით პრობლემებს. არც ერთი ინვესტორი დასაკარგი არ გვაქვს. გვინდა, საინვესტიციო გარემო კიდევ უფრო განვავითაროთ და ის ინვესტორებისთვის უფრო მიმზიდველი და მისაღები გავხადოთ. რომელიმე ინვესტორის გაღიზიანება, ზოგადად, გარკვეულ პრობლემებს იწვევს. ამიტომ უნდა ვეცადოთ, ბიზნესს ხელი შევიწყოთ. თუმცა რაც შეეხება ტურისტულ ზონაში შეთავაზების გადახედვას, ეს საკითხი ჯერ განსახილველი და დასაგეგმია.

- წინა მთავრობა ხელვაჩაურში სამრეწველო ზონის მშენებლობას გეგმავდა, ამისათვის პოტენციურ ინვესტორებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა. მოკლედ რომ გითხრათ, ხელისუფლება ცდილობდა ინვესტორი დაეთანხმებინა, რათა ხელვაჩაურში ახალი ზონის მშენებლობა დაწყებულიყო და ხალხი დაესაქმებინა. თქვენ თუ იცნობთ ამ პროექტს და გაგრძელდება თუ არა თქვენი თავმჯდომარეობის პერიოდში აღნიშნულ პროექტზე მუშაობა?

- ვფიქრობ, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, რაც ხელისუფლება მოვიდა, ინვესტორებიდან ინტერესი მოდის. სხვადასხვა პროექტში მონაწილეობის მზადყოფნაზე ინვესტორებისგან ერთგვარი მესიჯები მოდის. მართალია, ჯერჯერობით კონკრეტიკაზე არ არის საუბარი, მაგრამ მათ უნდა მივაწოდოთ და შევთავაზოთ სხვადასხვა პროექტში მონაწილეობა და მოვახდინოთ მათი დაინტერესება, ეს იქნება ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა თუ ეკონომიკის სხვა დარგები.

- გასაგებია, რომ ინვესტორს პროექტი უნდა შევთავზოთ და დავაინტერესოთ, თუმცა რეგიონში განსხვავებული ვითარება იყო. მაგალითად, თუკი ეკონომიკის სამინისტრო ქვეყნის ფარგლებს გარეთ სხვადასხვა ბინზესფორუმში მონაწილეობდა და ცდილობდა პროექტი გაეტანა, როგორც ევროპაში ისე აზიაში და სხვა ტერიტორიებზე, აჭარაში მაინც ამ მიმართულებით შეზღუდულად მუშაობდა. ჩემი აზრით, ისინი უფრო ვიწრო ჭრილში მუშაობდნენ და პროექტებს მხოლოდ გარკვეულ ქვეყნებს სთავაზობდნენ. ცხადია, ეს ქვეყნები რეგიონის სამიზნე საინვესტიციო ბაზრები იყო.

- როგორც ვიცი, აჭარა აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა ტურისტულ გამოფენასა თუ ფორუმში. ბათუმშიც ტარდებოდა ფორუმები. ჩვენი რეგიონისთვის მნიშვნელოვანი იქნება რომ ახალი ინვესტორებიც დავაინტერესოთ. გამოხმაურებები სხვადასხვა ქვეყნის ინვესტორებიდან არის და ახლა ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ისინი კიდევ უფრო დავაინტერესოთ. უნდა შევქმნათ რეგიონში კარგი საინვესტიციო გარემო, თუმც ამისათვის მხოლოდ ჩვენი განცხადებები საკმარისი არ არის და უნდა მოხდეს ყველა ფორუმში მონაწილეობის მიღება.

- დაბოლოს, მაინტერესებს, თუ გყავთ შერჩეული უკვე მინისტრობის კანდიდატები?

- კონსულტაციები მიმდინარეობს და შესაბამის პოზიციებზე, რამდენიმე კანდიდატურის განხილვა მიმდინარეობს. კანდიდატურების განხილვა მიმდინარეობს კოალიციურ რეჟიმში და არჩევისას ყურადღებას ვაქცევთ კომპეტენტურობასა და პროფესიონალიზმს. გვინდა მინისტრთა კაბინეტი შეთანხმებული იყოს კოალიციაში შემავალ ყველა პარტიასთან.


„ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა მაია არაბიძე

ავტორი: . .