ჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსის" დამფუძნებელმა მალხაზ გულაშვილმა საპატიმრო დატოვა. როგორც ციხიდან გამოსულმა მალხაზ გულაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ის სააკაშვილის პირადი პატიმარი იყო და დაპატიმრება ტელეკომპანია "კავკასიაში" მოწყობილმა "ბინძურმა" პროვოკაციამ გამოიწვია.
მისი განცხადებით, საპყრობილეში ძალიან ბევრი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ზოგიერთ მათგანს გადაადგილებაც უჭირს.
გულაშვილის თქმით, ციხეში ის უკანონოდ იმყოფებოდა და მის დაკავებას აუცილებლად გაასაჩივრებს.
გულაშვილის განცხადებით, პირადად მასზე ფიზიკური ზეწოლა არ მომხდარა, თუმცა, მუდმივად ჰქონდა ადგილი ფსიქოლოგიურ ზეწოლას, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ მის გვერდით სხვა პატიმრებს სცემდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.
მალხაზ გულაშვილი ქართველმა სამართალდამცველებმა 2011 წლის 25 ოქტომბერს საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე დააკავეს. ის ტელეკომპანია "კავკასიის" სტუდიაში მომხდარი ინციდენტისა და საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით იძებნებოდა. მასთან ერთად, საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით, დააკავეს ასევე ძებნილი დავით გულაშვილი.
2010 წლის 7 ივნისს, ტელეკომპანია "კავკასიის" ერთ-ერთ გადაცემაში, რომელშიც ჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსის" დამფუძნებელი მალხაზ გულაშვილიც მონაწილეობდა, ერეკლე დეისაძის წიგნის, "საიდუმლო სირობის" განხილვა ჩხუბში გადაიზარდა. ამის შემდეგ პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა.