ENG / RUS       12+

დავით ნარმანია: ყველა კარგი პროექტი გაგრძელდება

რესპოდენტის შესახებ

ახალი მთავრობა 2012 წლის ბიუჯეტის გადახედვას გეგმავს. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას რეგიონალური განვითარების მინისტრობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ განაცხადა, 2012 წლის ეკონომიკურ მაჩვენებლებში გარკვეული შეფერხებაა და ცხადია ეს მაჩვენებელიც გადაიხედება, ისევე როგორც გადახედვას ექვემდებარება დაწყებული საინვესტიციო პროექტებიც. მისივე თქმით, უკვე დაწყებული ყველა კარგი პროექტი გაგრძელდება


- 2012 წლის ეკონომიკურ მაჩვენებლებში გვაქვს გარკვეული შეფერხება, რაც დაკავშირებული იყო წინასაარჩევნო პერიოდში დაძაბულ ვითარებასთან, ასევე ინვესტორების მოლოდინთან, რომელიც ამ პროცესს უკავშირდებოდა. აქედან გამომდინარე გარკვეული აქტივობები, რომელიც დროებითაა შეჩერებული, ვიმედოვნებ, რომ არჩევნების შემდეგ დაიძვრება ადგილიდან, თუმცა ეს ყველაფერი ეკონომიკურ მაჩვენებლებში პოვებს ასახვას. ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ 2012 წლის ბოლომდე ეკონომიკური მაჩვენებლები გადაიხედოს. ყოველშემთხვევისთვის, ყველაზე მთავარია, რომ ინვესტიციებში გვაქვს გარკვეული ჩავარდნა მესამე კვარტლის მაჩვენებლებით და მეოთხე კვარტალში თუ საინვესტიციო მაღალი აქტიობა იქნება ამან შეიძლება საერთო შედეგები დააბალანსოს. ზოგადად რაიმე საინვესტიციო გეგმა არ არის და რასაც მივიღებთ მივიღებთ, თუმცა ბიუჯეტი და საბიუჯეტო შემოსავლებს, როგორც ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებენ, მის შესრულებას საფრთხე არ შეექმნება, რაც მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ არ შეფერხდეს ვალდებულებების გასტუმრება, რაც ბიუჯეტით არის გათვალისწინებული.

- ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ 2012 წლის ბიუჯეტში კორექტივები შევა და ის მოერგება "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირების აღსრულებას?

- შესაძლოა იყოს ცვლილებები წლის ბოლოსკენ. თუმც ეს არ იქნება ჯანსაღი პროცესი ზოგადად, რადგანაც ბიუჯეტის ცვლილება დეკემბრის ბოლოსკენ მის გასწორებასთან იყო დაკავშირებული, ამიტომ ამგვარი პრაქტიკა უნდა მოისპოს. თუმც წელს 2012 წლის ბიუჯეტის გადახევდა მოხდება, ასევე იგეგმება 2013 წლის ბიუჯეტის პარამეტრების მნიშვნელოვანი გადახედვაც, გამომდინარე "ქართული ოცნების" პრიორიტეტებიდან და გამომდინარე იქედანაც რომ ბიუჯეტი უფრო მეტად გამჭვირვალედ და დეტალურად გაწერას საჭიროებს.

- გამოდის, რომ მეოთხე კვარტალში ინვესტიციების ზრდას ელოდებით. რაზე დაყრდნობით ან რა იმედები გაქვთ ამ მიმართულებით და ზოგადად თუ გქონიათ საუბრები ინვესტორებთან, როგორია მათი მოლოდინი მათ მიმართ და რა გარანტიები აქვთ მათ, რომ საქართველოში საინვესტიციო გარემო კიდევ უფრო გაუმჯობესდება?

- არიან ინვესტორები, რომლებიც არჩევნების შემდეგ გამოვიდნენ კონტაქტზე. მათი მხრიდან არის მზაობა იმასთან დაკავშირებით, რომ დაიწყონ ინვესტირება ამა თუ იმ სფეროებში, რომლებიც გაჩერებულნი იყვნენ მესამე კვარტალში ან არიან ახალი ინვესტორები, რომლებმაც ამ არჩევნების შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება. ჯერჯერობით ეს არის მოლაპარაკებებისა და ზეპირ დონეზე, მთავარია რომ მალე დაიდოს ხელშეკრულებები და დაიწყოს პროცესები. ამიტომ ჯერჯერობით, მაინც უფრო ზეპირი შეფასებების საშუალება გვეძლევა მხოლოდ და მხოლოდ და არა ციფრობრივი შესაძლებლობების.

- რა ელის საპარტნიორო ფონდს და საინვესტიციო სააგენტოს, რომელიც ცოტახნის უკან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს "გამოსტაცეს" და საპარტნიორო ფონდს მიუერთეს?

- ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს, რათა საპარტნიორო ფონდის მუშაობა გადაიხედოს. ამიტომ უმჯობესია დეტალებზე ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა ისაუბროს. მაგრამ ის რომ ჩემი საკურატორო სფეროს მიმართულებით, ერთმანეთთან აცდენილი საქმიანობა გვაქვს - ეს ფაქტია. მაგალითად საპარტნიორო ფონდის გეგმებით, ლაზიკაში პორტის მშენებლობასთან დაკავშირებული სამუშაოები უნდა დაწყებულიყო, მეორეს მხრივ კი რეგიონალური განვითარების სამინისტრო იქ მუშაობს ნაპირგამაგრებით სამუშაოებზე. ცხადია ერთი მეორეს უშლის და ამიტომ იქ დროებით იყო შეჩერებული ნაპისამაგრი სამუშაოები. თუმცა დღეიდან ანალოგიური სამუშაოები დაიძვრება, რადგანაც ნაპირსამაგრი სამუშაოები თუ არ ჩატარდა დაემუქრება სანაპიროსთან მდგარ სასტუმრობსა და ინფრასტრუქტურას, რომელშიც ფულია ჩადებული, როგორც სახელმწიფოს ასევე კერძო ინვესტორების მხრიდან.

- წინასაარჩევნო პერიოდში და მათ შორის ახლაც, სამშენებლო პროცესები შეჩერებულია. შეჩერებული იყო ასევე სარკინიგზო მაგისტრალების მშენებლობა, რომლიც უკეთეს შემთხვევაში წლის ბოლომდე უნდა დასრულებულიყო. რა ვითარებაა ამ მხრივ ბაქო-თბილისი-ყარის საქართველოს მონაკვეთის მშენებლობასთან დაკავშირებით?

- ახალქალაქი-ნინოწმინდის მონაკვეთის მშენებლობა მიმდინარეობს, თუმცა შედარებით უფრო დაბალი ტემპებით. აქ რეალური მდგომარეობა არის ის, რომ აზერბაიჯანისაა ფინანსური რესურსები, მშენებლი კომპანიებიც არიან აზერბაიჯანული კომპანიები, აქედან გამომდინარე თვითონვე გეგმავენ და ახორციელებენ ამ პროექტს. თავდაპირველად დაგეგმილთან შედარებით ამან დროში ცოტა გადაიწია. რაც დაკავშირებული იყო სამშენებლო პროცესში არსებულ კლიმატურ და გეოლოგიურ მდგომარეობასთან, ასევე პროცედურების სირთულესთან, რომლის გათვალისწინებითაც უწევდათ მუშაობა სამუშაოების განმახორციელებენ კომპანიებს. პროექტი გრძელდება და დასრულდება 2013 წელს.

- რაც შეეხება ავტობანის პროექტს. გაგრძელდება თუ არა პროექტი და დაიგება თუ არა ახალი ავტობანი და როგორი იქნება ამ მიმართულებით თანხების მოზიდვის სქემა. როგორც წინა ხელისუფლება აცხადებდა, მათ ავტობანის მშენებლობისათვის ფულის მოზიდვა არ უჭირდათ.

- სამუშაოები დღესაც მიმდინარეობს, აქაც იყო გარკვეული შეფერხება ისევე როგორც სხვა პროექტებზეც, ანუ გაგრძელდებოდა თუ არა ესა თუ ის პროექტი. ამაზე იყო გარკვეული მოლოდინები და ჩემი თხოვნა იყო კოლეგების მიმართ, რომ ასეთი კარგი ყველა პროექტი, რაც საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობას უკავშირდება- გაგრძელდეს. პროექტის დასაფინანსებლად მოზიდული რესურსებიდან უმთავრესი ნაწილი უცხოეთიდანა მოზიდული, ჩემი დამტკიცების შემდეგ მე უკვე დაგეგმილი მაქვს, რამდენიმე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტში ვიზიტი, რათა ვისაუბროთ მათთგან დამატებითი ფინანსების მოზიდვაზე.

- კარგი პროექტები ახსენეთ და წინა ხელისუფლების დაწყებული პროექტებიდან, კიდევ რომელი პროექტები მიგაჩნიათ კარგ პროექტებად?

- კარგი პროექტი არის ყველა ისეთი პროექტი, რომელიც რეალურად ყველა საჭირო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას ხმარდება. მაგალითად, როგორიცაა გზების რეაბილიტაცია, როგორიცაა წყალთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება, როგორიცაა ხიდებისა და გვირაბების მშენებლობა, ანუ ის რაც ადამიანებსაც ასაქმებს, და რასაც ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ეფექტი აქვს. საზოგადოდ დაწყებული პროექტები გადაიხედება, ამ დროისათვის პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული მხოლოდ ლაზიკას პროექტზე.

- კიდევ რომელი პროექტები შეიძლება გადაიხედოს?

- პროექტები, რომლებიც ფუფუნების საგანი შეიძლება იყოს გადაიხედება. ასეთი პროექტები იყო ტურისტულ ზონებში სხვადასხვა თვალისთვის უცხო ინფრასტრუქტურის მშენებლობა. ამიტომ ასეთ შემთხვევაში მიზანშეწონილობის საკითხი დადგება - გვჭირდება თუ არა ამ ეტაპზე, თუ იქედან დაზოგილი ფულის სხვა პროექტზე მიმართვა უფრო მიზანშეწონილი იქნება.

- თვალისთვის უცხო ინფრასტრუქტურა ახსენეთ. "მშვიდობის ხიდს" გავიხსენებდი, რომელზეც "ქართული ოცნების" ლიდერს სხვა წარმოდგენა აქვს და ეს მან გააჟღერა კიდეც. როგორი მომავალი შეიძლება ქონდეს "მშვიდობის ხიდს"?

- ხიდი თბილისის მერიის დაქვემდებარებაშია და ამიტომ ეს ჩვენი სამინისტროს კომპეტენციაში არ შედის.

"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა მაია არაბიძე

 

ავტორი: . .