ENG / RUS       12+

ოცნების უძლეველობა

საპარლამენტო არჩევნებიდან საკმარისი დრო გავიდა, რათა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დამარცხების მიზეზებზე ამ მოძრაობის ყოფილ იდეოლოგებსა და ადეპტებს სისტემური მოსაზრება „დაედოთ". მაგრამ ერთადერთი, ვინც ჯერ-ჯერობით საყურადღებო აზრი გამოთქვა ლევან რამიშვილია, რომლის ძალიან საინტერესო ინტერვიუ მოსკოვურ ჟურნალ „ძალაუფლებაში" გამოქვეყნდა.

უთვალავმა ექსპერტმა თუ „მოექსპერტო ჟურნალისტმა" განსაკუთრებით ის თეზისი აიტაცა, რომ განვითრების ერთ-ერთი პარადოქსი სოციალური აგრესიის გაძლიერებაა, რადგან ადამიანს ნაკლები აგრესია აქვს მაშინ, როდესაც გარემო შეესაბემება მის ყოფას და უჩნდება აგრესია მაშინვე, როგორც კი გარემო უმჯობესდება. მაგალითად: ბათუმელებში ნაკლები აგრესია იყო იმ დროს, როდესაც ცათმბჯენები არ შენდებოდა, მაგრამ რომ შენდება და „მისი ცხოვრება კვლავინდებურად საშინლად მძიმეა - აგრესიული ხდება".

სტოპ! ასეთი რამ ლევან რამიშვილს არ უთქვამს. ეს უკვე ინტერპრეტაციაა, რომელიც იმ პრიმიტიული სტერეოტიპიდან გამომდინარეობს, თითქოს „ოცნების" გამარჯვება და „ნაციონალთა" დამარცხება „მოსახლეობის საშინელმა სიდუხჭირემ განაპირობა". საოცარია პირდაპირ, რა იოლად და თუთუყუშური მექანიკურობით იმეორებენ ამ სისულელეს ისინიც კი, ვისაც თითქოს ოდნავ უფრო „რთულად აზროვნება" უნდა მოეთხოვებოდეს. ბევრი მათგანი კომუნისტურ ეპოქას ვერ მოესწრო, მაგრამ ამ თემაზე მსჯელობს წმინდად მარქსისტულ-ლენინური პოსტულატებით. მაგალითად, „მდგომარეობა შეიქმს შეგნებას" და ა.შ.

სინამდვილეში არავითარი პირდაპირი კორელაცია მოსახლეობის სიდუხჭირესა და არჩევნებში „ოცნების" ტრიუმფალურ წარმატებას შორის არ არსებობს. ოღონდ, სანამ ნამდვილ მიზეზებზე ვიტყოდეთ ორიოდე სიტყვას, ამ ყბადაღებული სიდუხჭირის „გაშიფვრაც" უნდა ვცადოთ. მოსახლეობის 15-20 პროცენტს მართლა ძალიან უჭირს, მაგრამ ეს კატეგორია ვერ განსაზღრავდა არჩევნების შედეგს. მით უმეტეს, რომ აგვისტოში ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციების რეიტინგებით (NDI, IRI, Gallup - მათ ობიექტურობაში არსად ეპარებათ ეჭვი ირანის, ჩრდილო კორეისა და საქართველოს გარდა) „ნაციონალური მოძრაობა" დაახლოებით ორჯერ უსწრებდა „ოცნებას".

რა, მაშინ ნაკლები სიდუხჭირე იყო ქვეყანაში? „ოცნების" სოციალურ დაპირებებს რაც შეეხება, „ნაციონალებს" ამ თვალსაზრისით არანაკლებ მიმზიდველი პროგრამა ჰქონდათ და არავის ეჭვი არ ეპარებოდა, რომ 1000 ლარიან ვაუჩერს, მაგალითად, ისინი ნამდვილად დაარიგებდნენ. ეს უფრო ხელჩასაჭიდიც კი ჩანდა, ვიდრე დაპირება ტარიფების გაიაფების ან პენსიის გაზრდისა და სრულიად უფასო ჯანდაცვის შესახებ. არც ისე გამოთაყვანებულია ჩვენი ხალხის დიდი უმრავლესობა, რომ მხოლოდ დაპირებებზე ასე „ავარდეს" და 2 თვეში სრულიად საპირისპირო შედეგი აჩვენოს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

„საშინელ გაჭირვებას" რაც შეეხება, გააჩნია რას ვუწოდებთ გაჭირვებას, თუკი უმრავლესობაზე (და არა ხსენებულ 20 პროცენტზე) ვსაუბრობთ. ავიღოთ კვლავ მიშას მიერ „ნაშვილები" და ნალოლიავები ბათუმის მაგალითი, სადაც შედეგი თითქოს ფანტასტიურად არალოგიკური აღმოჩნდა: როდესაც ადამიანი იმის გამო ღელავს, რომ თავად 600 ლარიან შემოსავალზე ცხოვრობს სამოთახიან ბინაში და ვიღაც იქვე აგებულ კაშკაშა სასტუმროებში ატარებს დროს ღამ-ღამობით, ან სამსართულიან სახლებს იშენებს, ეს სულ სხვა კატეგორიის სოციალური მოვლენაა, რასაც საბა უწოდებდა „წუხილს სხვისა სიკეთესა ზედა", ანუ უბრალოდ, „შური". და რა ვქნათ ახლა, კომუნისტური პარტია აღვადგინოთ თუ მარქსის „კაპიტალი" ვთარგმნო ხელახლა სოციალური უთანაბრობის აღმოსაფხვრელად?

საქართველოში ათიდან ცხრა ნაცნობი (კლასელი, კურსელი, უბნელი და ა.შ) შეხვედრისას ტკბილად მოგიკითხავთ და აუცილებლად გეტყვით, რომ საშინლად უჭირს, რომ კაპიკებს ითვლის, რომ ვალები აქვს და ა.შ. მაგრამ იმ ცხრიდან შვიდი ამას გეუბნებათ არა იმიტომ, რომ მართლა უჭირს, არამედ იმისთვის, რათა არაფერი სთხოვო! ეს ქართული საზოგადოების „ნოუ-ჰაუა" სოციალური სოლიდარობის მოთხოვნათა საპასუხოდ.

ათიდან ცხრა ტაქსისი მძღოლი შემოგჩივლებთ, რომ უმუშევარია, თუმცა დღეში 25 ლარი „რჩება". ხოლო როდესაც ერთ მათგანს ვკითხე: „დალოცვილო, გარდაბანში, „კარაქივით მიწაზე" მამა-პაპეული სახლი რომ დააგირავე „მერსედსის" საყიდლად და თბილისში „სატაქსაოდ", ხომ არ სჯობდა მიწა დაგემუშავებინა" მეთქი, ისე შემომხედა, თითქოს უპატიებელი შეურაცხყოფა მივაყენე: „ვგავარ იმ კაცს, მიწაზე რომ იმუშავებს - შენ თვიონ იმუშავებ მიწაზე ძმაო?"

ვიმეორებ: არავინ უარყოფს, რომ არსებობს მართლაც გაჭირვებული კატეგორია, მაგრამ ის ვერ გადაწყვეტდა ამ არჩევნების შედეგს, რომ არ ამოქმედებულიყო ორი უმთავრესი და ურთიერთდაკავშირებული ფაქტორი, რომელთა კატალიზატორის „ფეთქებადი როლი" ციხის სკანდალმა შეასრულა:
1) საზოგადოების ფსიქოლოგიური გადაღლა და უძლიერესი სტრესი, რომლებიც ცნობილი კადრების ჩვენებამ გააათმაგა! არსებობს ასეთი ტერმინი „გადაწვა". ქართული საზოგადოება „გადაიწვა" გაუთავებელი PR-შტურმებით (მით უმეტეს, რომ ხელისუფლებამ აქ ძალიან გადაამლაშა), ერთფეროვანი პრეზენტაციებით და თქვენ წარმოიდგინეთ წარმატებებითაც კი. დიახ, დიახ, ცნობილი ფენომენია: მასის ფსიქოლოგია ისეთნაირადაა მოწყობილი, რომ მას ყველაფერი ყირჭდება; აბსოლუტურად ყველაფერი: წინსვლა, წარამტება, მოდერნიზაცია და განვითარებაც! ამ ცნობიერ მდგომარეობაში მას უკვე აბსოლუტურად ყველაფერი აღიზიანებს და უჩნდება სიახლის, ცვლილებების უძლეველი ინტენცია!
2) აქედან გამომდინარე, ადამიანებისთვის სიახლე და ცვლილება თავისთავადი ღირებულება ხდება და არანაირი რაციონალური არგუმენტი, არანაირი ციფრები მასზე უკვე ვეღარ იმოქმედებს: უამრავ ადამიანს იცნობთ, ვისაც მატერიალურად არაფერი უჭირს, მაგრამ მაინც „ოცნებას" მისცა ხმა. იმიტომ, რომ მიშა ირაციონალურად სძულდა, იმიტომ, რომ ძველი მოჰყირჭდა, იმიტომ რომ ცვლილებები მოსწყურდა. მორჩა და გათავდა!

არჩევანი, რომელიც ქართველმა ხალხმა გააკეთა 1 ოქტომბერს იყო მართლაც „ღირებულებითი არჩევანი". ადამიანებმა „ოცნებას" ხმა მისცეს თავისი წარმოდგენების და იმ მოვლენათა თუ ფენომენთა შეფასების შედეგად, რომელთაც უშუალოდ მათ ცხოვრებაზე, მათ მატერიალურ მდგიომარეობაზე, კეთილდღეობაზე თუ შემოსავლებზე გავლენა არ ჰქონიათ. მით უმეტეს, რომ ჩვენ არა ვართ ტრადიციული დემოკრატია, სადაც ყოველ ინდივიდს უკვე მკაფიოდ აქვს გაცნობიერებული (მრავალი საარჩევნო ციკლის შედეგად) , რომ მის მიერ ყუთში ჩაგდებულ ბიულეტენზე დამოკიდებულია არა რაღაც განყენებული მატერიების, არამედ კონკრეტულად მისი და მისი ოჯახის ბედი თუ უბედობა.

როდესაც ადამიანს აღიზიანებს (აღიზიანებს უბრალოდ იმიტომ, რომ არ მოსწონს და ეს მისი უფლებაა!!!) „რიყის ხიდი" და შენ უწყებ იმის ახსნას, რომ იმ ხიდით ტურისტები სარგებლობენ, რომლებიც სამუშაო ადგილებს ქმნიან და ა.შ, ეს მისთვის სრულიად გაუგებარი და მიუღებელია. ამ ადამიანს ასეთი წარმოდგენა, ასეთი განწყობა, დიახაც ასეთი შეხედულებები და შინაგანი განზრახვა აქვს! ამიტომ ნებისმიერი, ყველაზე ჭკვიანური და დასაბუთებული არგუმენტი მხოლოდ კიდევ უფრო განარისხებს!

როცა ქალბატონ-ამომრჩეველს ქვეცნობიერად აღიზიანებს ვერა ქობალია ან სოფო ნიჟარაძე (უბრალოდ იმიტომ, რომ მასზე ახალგაზრდები არიან), ხოლო შენ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრის პროცენტზე და მსოფლიო რეიტინგებში ქვეყნის წინსვლაზე უყვები, შედეგი ზუსტად ისეთი იქნება, როგორიც საბოლოო „დადგა".
ბევრს გაუკვირდება, მაგრამ ქართველი ქალები ამ მხრივ იოტისოდენად არ განსხვავდებიან ფრანგი ან ინგლისელი ქალბატონებისაგან.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

„ახალი" იმიტომ კი არ არის „ძველზე" ძლიერი, რომ მასზე უკეთესია, არამედ უკვე და მხოლოდ იმიტომ, რომ ახალია, ის კი - ძველი!
შესაბამისად, „ოცნებაც" უძლეველი ხდება. იგი უძლეველი იყო 2003 წელს, რაკი მაშინაც ამოქმედდა „მოყირჭებისა" და ცვლილებებისადმი სწრაფვის სოციო-ფსიქოლოგიური ფაქტორი, რაც თავის დროზე ბრწყინვალედ გამოიყენა მიშა სააკაშვილმა - ედუარდ შევარდნაძის დასამარცხებლად. არ დაიჯეროთ, თითქოს შევარდნაძის კრახი იმან გამოიწვია, რომ მაშინ პენსია 14 ლარს არ აღემატებოდა! სინამდვილეში, სამუშაო ადგილი მაშინ ბევრად მეტი იყო - თუ „ერგნეთსა" და მსგავს „დასაქმების ცენტრებს" მივათვლით.

რატომ აქცევენ ესოდენ დიდ ყურადღებას ევროპელები და ამერიკელები ხელისუფლებათა და მთავრობათა ცვალებადობას? რატომ ჩასჩიჩინებდნენ დღენიადაგ პრეზიდენტს (მიშას თვითონ წამოცდა ერთხელ): „სანამ მთავრობა არ შეიცვლება, თქვენ დემოკრატია არა ხართო?". იმიტომ, რომ ხელისუფლების ცვლილება (ცვალებადობა, მონაცვლეობა) თავისთავადი, ეჭვმიუტანელი ღირებულებაა იმ შემთხვევაშიც კი თუ ვიღაცას მიაჩნია, რომ წავიდა კარგი და მოვიდა ცუდი ხელისუფლება.

რამდენად კარგია ან ცუდი, ამას მომავალი გვიჩვენებს, მაგრამ რამდენად კარგი და წარმატებულიც არ უნდა იყოს (ვთქვათ წინამორბედთან შედარებით) დახალოებით 10 წლის შემდეგ მასაც გაუვა ყავლი და ისიც მოჰყიჭრდება ხალხს. შემდეგ კვლავ გამოჩნდებიან ჭკუისკოლოფები, რომლებიც იტყვიან, რომ „როდესაც ადამიანს სულ რაღაც 300 ევრო აქვს პენსია, ანუ საშინელ სიდუხჭირეში ცხოვრობს, მისი არჩევანი ახალი „ოცნების" სასარგებლოდ არავის უნდა გაუკვირდეს!".

"ჯი-ეიჩ-ენი", ნიკა იმნაიშვილი