დღეს, 21 ოქტომბერს, 13:00 საათზე, ქუთაისში პარლამენტის შენობასთან "ლაბორატორია 1918"-ს ორგანიზებით აქცია გაიმართება. აქციის მონაწილეები ჭიათურაში გაფიცულ მაღაროელებს სოლიდარობას გამოუცხადებენ და არსებული შრომის კოდექსის შეცვლას მოითხოვენ.
"ჩვენ არ ვაპირებთ, დაველოდოთ როდის „მოიცლიან" პარლამენტარები ჩვენთვის, ჩვენ თავად ვქმნით „დღის წესრიგს", ვკარნახობთ მოთხოვნებს და მოვითხოვთ შეასრულონ!
ჭიათურელი მუშები ადმინისტრაციის მხრიდან მოთხოვნების შესრულებაზე უარის გამო გაფიცვას აგრძელებენ. "ლაბორატორია 1918" სოლიდარობას უცხადებს და მხარს უჭერს მუშების პროტესტს. მუშების მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს! ჩვენ აღარ მოვითმენთ შევეგუოთ მდგომარეობას, როცა სისტემა ადამიანებს თვითგადარჩენის რესურსად იყენებს.
ქარხნის ადმინსიტრაციის მხრიდან მუშების მოთხოვნების შესრულება იქნება არა მხოლოდ მუშების გამარჯვება, არამედ მოქალაქეების მიერ სოციალ-პოლიტიკური რეალობის შეცვლის მთელი საზოგადოებისათვის უმნიშვნელოვანესი პრეცედენტი. მუშების მოთხოვნების შესრულებასთან ერთად აუცილებელია მონობის კოდექსის შეცვლა, სახელმწიფო პასუხისმგებელი უნდა იყოს საკუთარი მოქალაქეეების კეთილდღეობაზე. შრომის კოდექსი უნდა შეიცვალოს! შეწყდეს სახელმწიფოსა და კორპორაციების მიერ მოსახლეობის ერთობლივი ჩაგვრა!! "ლაბორატორია 1918" სოლიდარობას უცხადებს გაფიცულ მაღაროელებს და მათთან ერთად იბრძოლებს სამოქალაქო გამარჯვების მნიშვნელოვანი პრეცედენტის შექმნისთვის", - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები და დასძენენ, რომ ქუთაისში ახალი მოწვევის პარლამენტს მოთხოვნებს მიაწვდიან და გააგებინებენ მათ, რომ უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაში სამოქალაქო საზოგადოება დანებებას არ აპირებს!
"მახინჯი სისტემა, რომელიც წლების განმავლობაში მონად აქცევდა მოქალაქეებს უნდა დაინგრეს! ქუთაისიდან გადავინაცვლებთ ჭიათურაში მუშებთან სოლიდარობის გამოსახატავად, და მათი პროტესტის გასაზიარებლად არაადამიანური მოპყრობის წინააღმდეგ", - ნათქვამია "ლაბორატორია 1918" -ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.