საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ეხმიანება ახალი ხელისუფლების პრეტენზიებს, რომ ქვეყანაში სესხებზე საპროცენტო განაკვეთები ხელოვნურად მაღალია და მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სესხების საპროცენტო განაკვეთი დაიწევს.
გიორგი ქადაგიძე ამბობს, რომ ეკონომიკის ზრდასთან ერთად ქვეყანაში საპროცენტო განაკვეთები იკლებს. სებ-ის პრეზიდენტის განმარტებით, ჯერ კიდევ 5 წლის უკან 11-12%-იანი სესხები წარმოუდგენელიც კი იყო.
"რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთებს, მინდა ხაზი გავუსვა ერთ გარემოებას, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საპროცენტო განაკვეთებზე, მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ვსაუბრობთ იპოთეკურ სესხებზე და ბიზნეს სესხებზე. რაც შეეხება განვადებებს და სხვა ტიპის სამომხმარებლო სესხებს, ასეთი ტიპის სესხებზე საპროცენტო განაკვეთები მაღალია მთელს მსოფლიოში. რაც შეეხება იპოთეკას და ბიზნეს სესხებს ბოლოს წლების განმავლობაში საპროცენტო განაკვეთები მუდმივად კლებით ხასიათდებოდა. სულ რაღაც 5 წლის უკან წარმოუდგენელი იყო 11-12-13-14 %-იანი სესხები. რა თქმა უნდა ეს ჯერ კიდევ არის მაღალი, თუმცა ყველას უნდა ესმოდეს, რომ საპროცენტო განაკვეთები ეს არის მაკროეკონომიკური პარამეტრების ერთობლივი ასახვა და არ არსებობს არანაირი ხელოვნური მექანიზმები საპროცენტო განაკვეთების დაწევის. საპროცენტო განაკვეთების კლება გაგრძელდება ეკონომიკის განვითარებასთან ერთად"- განმარტავს გიორგი ქადაგიძე.
სებ-ის პრეზიდენტი არც იმას ეთანხმება, რომ საბანკო სექტორში კონკურენცია არ არსებობს. მისი თქმით, საქართველოს საბანკო სექტორი, ქვეყნის ეკონომიკის ყველაზე ჯანსაღი და დინამიურად განვითარებადი სექტორია.
"სექტორის მთლიანმა აქტივებმა 15 მლრდ ლარდს მიაღწია, ხოლო ფინანსურმა სიღრმემ მშპ-ს 52 %-ი შეადგინა და შეუძლებელია, რომ ასეთი მაჩვენებელი გვქონდეს არაკონკურენტული გარემოს პირობებში. ეს ძალიან მარტივად გადასამოწმებელია, შეგიძლიათ კითხოთ იმ 20 ათას ადამიანს, რომლებიც საბანკო სექტორში მუშაობს, არის თუ არა საბანკო სექტორში კონკურენცია და თითოეული მათგანი დაწყებული რიგითი რგოლიდან დამთავრებული მაღალი დონის მენეჯმენტით, დაგიდასტურებთ ამის შესახებ"- აცხადებს ქადაგიძე.
სები-ს პრეზიდენტის ინფორმაციითვე, წინასაარჩევნო პერიოდში, რომელიც როგორც წესი ეკონომიკური შენელებით ხასიათდება, საქართველოს საბანკო სექტორში სამი უმსხვილესი ჯგუფი შემოდის.
"ესაა თურქული "იშ ბანკი", ჩინური ინდუსტრიული ჯგუფი, რომელმაც შეიძინა "ბაზისბანკი" და წლის ბოლომდე ჩვენ ლიცენზიის მისაღებად მოგვმართავს აზერბაიჯანული "პაშა ჰოლდინგი. ამიტომ ამ პირობებში კონკურენციის არარსებობაზე საუბარი არგუმენტს მოკლებულია"- განაცხადა ქადაგიძემ.