ხვალ, 17 ოქტომბერს, ქართველი მსახიობის, რამაზ ჩხიკვაძის გარდაცვალებიდან ერთი წელი სრულდება. ჩხიკვაძე 2011 წლის 17 ოქტომბერს, 83 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.
რამაზ ჩხიკვაძე 1928 წლის 28 თებერვალს თბილისში დაიბადა. 1951 წელს დაამთავრა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (მ.თუმანიშვილის მოწაფე). ამავე წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო.
რამაზ ჩხიკვაძეს ნათამაშები აქვს: ლეანდრო (ჯ.ფლეჩერის "ესპანელი მღვდელი"), ვეფხია გაბიდაური (კ.ბუაჩიძის "ამბავი სიყვარულისა"), ქოსა მრჩეველი (გ.ნახუცრიშვილის "ჭინჭრაქა"), მაქჰითი (ბ. ბრეხტის "სამგროშიანი ოპერა"), ფადინარი (ე.ლაბიშის "ჩალის ქუიდ"), აკოფა (ა.ცაგარელის "ხანუმა"), კირილე მიმინოშვილი (დ.კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალი"), შოშია (ნ.დუმბაძის "საბრალდებო დასკვნა") და სხვა. ახალი ეტაპია ჩხიკვაძის შემოქმედებაში რეჟისორ რობერტ სტურუას დადგმებში მონაწილეობა (ყვარყვარე, პ. კაკაბაძის "ყვარყვარე"; აზდაკი, ბ.ბრეხტის "კავკასიური ცარცის წრე"; შექსპირის "რიჩარდ მესამე", ლ.ფოფხაძისა და ა.ვარსიმაშვილის "ვარიაციები თანამედროვე თემაზე" და სხვა).
გადაღებული იყო კინოფილმებში: "ლონდრე", "ჩირიკი და ჩიკიტელა", ნატვრის ხე", "ნერგები" (ლუკა, 1974, მოსკოვის VIII საერთაშორისო კინოფესტივალზე მიენიჭა პრემია მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის), "ჭრიჭინა", "ვედრება", "ვერის უბნის მელოდები" და სხვა.
მსახიობი სსრკ სახელმწიფო (1979), რუსთაველის (1980) და მარჯანიშვილის (1975) პრემიების ლაურეატი იყო, ასევე დაჯილდოებული იყო ლენინის ორდენით, "საპატიო ნიშნის" ორდენითა და მედლებით.