საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრი განცხადებას ავრცელებს. მათი განცხადებით, ორი დღეა მასმედიის საშუალებებით ვრცელდება არასწორი ინფორმაცია კობის, იმავე თარხნიშვილის ქუჩა #2-ში მდებარე შენობასთან დაკავშირებით, სადაც ბოლო დრომდე განთავსებული იყო შპს წმიდა იოაკიმ და ანას სახელობის საპატრიარქოს სამშობიარო სახლი.
ამასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრში განმარტავენ, რომ აღნიშნული სამშობიარო საქართველოს საპატრიარქოს გადმოეცა 2000 წელს.
"ეს მოხდა არა ჩვენი ინიციატივით, არამედ ამ საავადმყოფოს კოლექტივის მრავალგზის თხოვნის და სახელმწიფოს თანხმობის შედეგად. თუმცა შენობა ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებად დარჩა და იგი უვადო უზუფრუქტის სახით გაფორმდა საპატრიარქოს სახელზე. როგორც ცნობილია, ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 26 იანვრის დადგენილებით, ლიცენზიის მიღებისთვის სავალდებულო გახდა ძველი საავადმყოფოების ნაცვლად თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით ახლების აშენება და მოწყობა. ეს მოთხოვნა შეეხო საქართველოს საპატრიარქოსაც და რომ აღნიშნული განხორციელებულიყო, სახელმწიფომ შემოგვთავაზა ორთაჭალაში გორგასლის ქ. #95-ში მდებარე შპს ნიკოლოზ ბარნოვის სახელობის ჰოსპიტალი და მისი ტერიტორია, სადაც განთავსდებოდა როგორც აღნიშნული ჰოსპიტალი, ისე წმიდა იოაკიმ და ანას სახელობის სამშობიარო სახლი. საქართველოს საპატრიარქომ მისაღებად მიიჩნია დაეთმო თარხნიშვილის ქუჩაზე მდებარე უზუფრუქტით გადმოცემული შენობა (6200მ2) და მიწის ფართი (3854მ2) და მის ნაცვლად საკუთრებაში აეღო ორთაჭალაში, გორგასლის ქუჩაზე მდებარე ბარნოვის ჰოსპიტალის ტერიტორია და ნაგებობები (მიწის ნაკვეთის ფართი 18043მ2, ხოლო შენობების 9000მ2). ეს მოხდა 2007 წელს", - აღნიშნულია განცხადებაში.
მათი განცხადებით, შემდეგ ინვესტორად შეირჩა მანანა შარაშიძე, რომელმაც ჩამოაყალიბა შპს "MGI"და ამ შპს-ის საშუალებით განახორციელა ორთაჭალის ჰოსპიტალის ძველი შენობის სრული რეკონსტრუქცია და სრულიად ახალი შენობის აგებაც. საერთო ჯამში მან გაარემონტა და სათანადო აპარატურით აღჭურვა 6500 მ2 ფართი ნაცვლად მისთვის სავალდებულო 80-საწოლიანი საავადმყოფოსი, ანუ 3200მ2. აღნიშნულ შენობაში 2012 წლის 2 ოქტომბრიდან ფუნქციონირება დაიწყო საპატრიარქოს მრავალპროფილიანმა სამედიცინო ცენტრმა.
"როგორც ჩვენთვის ცნობილია, ინვესტორს შეექმნა ფინანსური პრობლემები და იგი იძულებული გახდა გაეყიდა თარხნიშვილის ქუჩაზე მდებარე შენობა, რათა ვალი დაეფარა. ახალი მესაკუთრის გეგმები კი ჩვენთვის უცნობია. ასე რომ, 2007 წლიდან კობის ქუჩაზე მდებარე შენობის მესაკუთრე არის შპს "MGI" და მას ამ დროიდან თავისუფლად შეეძლო თავისი სურვილისამებრ განეკარგა ეს ქონება. მიუხედავად ამისა, შარაშიძემ შეძლო სამშენებლო პროცესის იმგვარად წარმართვა, რომ საერთოდ არ შეწყვეტილიყო არც შპს წმიდა იოაკიმეს და ანას სახელობის სამშობიარო სახლის და არც შპს ნიკოლოზ ბარნოვის ჰოსპიტალის თავ-თავის ადგილზე ფუნქციონირება. ყოველივე ამის გამო იგი ჩვენგან მადლიერებას იმსახურებს. რაც შეეხება მერაბ ხიდაშელს, მას თარხნიშვილის ქუჩაზე მდებარე შენობაში საპატრიარქოს საავადმყოფოს ადმინისტრაციის კეთილი ნებით გამოყოფილი ჰქონდა დაახლოებით 50 მ2 აბორტსაწინააღმდეგო ცენტრისთვის, მაგრამ საკუთრებაში მას ეს ადგილი არასოდეს ჰქონია. ამდენად, მისი პრეტენზია ვინმეს მიმართ ფართის გამოყოფის შესახებ არ იქნება სამართლიანი", - აღნიშნულია განცხადებაში.