მელორ ვაჩნაძეს მკურნალობის კურსი რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩაუტარდება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში მელორ ვაჩნაძის ადვოკატმა ნათია კორკოტაძემ განაცხადა, მსჯავრდებულს შესაბამისი გამოკვლევები უკვე ჩაუტარდა და პალატაშია მოთავსებული.
"ვაჩნაძეს უტარდება მკურნალობის კურსი. ექიმების განცხადებით, მსჯავრდებული სტაციონალურ მკურნალობას საჭიროებს და ახლა პალატაშია გადაყვანილი", _ განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ვაჩნაძის ადვოკატმა.
მისი განცხადებით, ვაჩნაძემ ციხის საავადმყოფოს პერსონალს უნდობლობა გამოუცხადა.
"მელორ ვაჩნაძეს ხერხემალი აწუხებს და გაუსაძლისი ტკივილის შემდეგ რუსთავის #17 დაწესებულებიდან ციხის #18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ვაჩნაძემ ციხის საავადმყოფოს პერსონალს უნდობლობა გამოუცხადა და ქალაქის საავადმყოფოში გადაყვანა მოითხოვა. ორ-სამ საათიანი დავის შემდეგ, მოვახერხეთ და რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადმოვიყვანეთ", _ განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ მოძრაობის - "შემოგვიერთდით" ხელმძღვანელი მელორ ვაჩნაძე, 2009 წელს ოპოზიციის 9 აპრილის მიტინგების დროს დააკავეს. მას ბრალი თაღლითობაში დაედო და ოთხწლიანი პატიმრობა მიესაჯა.