ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი პირობას დებს, რომ სახელმწიფო არ ჩაერევა ბიზნესსაქმიანობაში და იმავდროულად უწყების მუშაობა იქნება მეტად გამჭვირვალე.
"თანდართული ფუნქციები რაც დაემატა მნიშვნელოვანია ეფექტური მართვისთვის, ყველა ტენდერი, რომელიც განხორციელდება ეკონომიკის სამინისტროს მიერ, იქნება მაქსიმალურად გამჭვირვალე და თავისუფალი ყოველგვარი ნეპოტიზმისგან და პროტექციონალიზმისგან"- აცხადებს მინისტრობის კანდიდატი.
გიორგი კვირიკაშვილი განმარტავს, რომ მისი სამინისტროს პრიორიტეტებიდან ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტი ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დახვეწა იქნება.
"ჩვენი მთავარი პრიორიტეტია მინიმალური ჩარევა, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება, კერძო სექტორის საქმიანობაში. ასევე პრიორიტეტი იქნება ეფექტური ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის შექმნა, ასევე თანდართული სასამართლო და ეფექტური სასამართლო სისტემა. მაქსიმალური კოორდინაცია ეკონომიკური გუნდის წევრებს შორის და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან ადვილად მიღწევადია"- განმარტავს კვირიკაშვილი.