"არსენალ სიტის" პროექტი, რომელიც არსენალის მთაზე ინფრასტრუქტურის მოწყობას ითვალისწინებს, აუცილებლად განხორციელდება. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატმა კახი კალაძემ და ერთ დროს "კალა კაპიტალის" დამფუძნებელმა კახი კალაძემ განაცხადა, ის ამ პროექტიდან გასულია და დეტალურ ინფორმაციას არ ფლობს. თუმცა როგორც კალაძე განმარტავს, მიმდინარეობდა ახალი ინვესტორების მოძიება და პროექტთან დაკავშირებით სარჩელი ლონდონის საერთაშორისო სასამართლოში უნდა შესულიყო და ამისათვის სარჩელი მზადდებოდა.
"მოლაპარაკებები მიმდინარეობდა ასევე იუსტიციის მინისტრის მოადგილესთან თინა ბურჯალიანთან. დეტალები არ ვიცი, მაგრამ პროექტი აუცილებლად განხორციელდება"- განაცხადა კახი კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ "კალა კაპიტალში" შემავალმა "არსენალ დეველოპმენტმა" ყოფილ არსენალის მთაზე შენობა-ნაგებობები და მიწის ნაკვეთი 2008 წელს 38 მილიონ დოლარად იყიდა. კახი კალაძესა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის მოლაპარაკებები თანხის დაფარვის გრაფიკის შედგენაზე ორ წელზე მეტია მიმდინარეობდა, თუმცა ინვესტორი და სახელმწიფო დღემდე ვერ შეთანხმდნენ. სახელმწიფომ "არსენალ სითისთან" ხელშეკრულება 2008 წელს გააფორმა. ხელშეკრულების მიხედვით, ინვესტორს 38 მილიონი დოლარი უნდა გადაეხადა და 2016 წლამდე 700 მილიონი ინვესტიცია განეხორციელებინა. კალაძეს 2008 წლის დეკემბრამდე უნდა დაეფარა 38 მლნ 20 ათასი დოლარი. თუმცა მან ბიუჯეტში ამ თანხის ნაწილი, 18 მლნ 10 ათასი დოლარი შეიტანა. დღემდე კომპანიას საპრივატიზაციო დარღვევებისთვის, ყოველდღიურად 19 ათასი აშშ დოლარის საურავი ერიცხება. კახი კალაძისა და მთავრობას შორის უთანხმოება 2008 წლიდან არსებობს. აგვისტოს ომის შემდეგ კალაძე ეკონომიკის სამინისტროსგან პროექტის განხორციელების ვადების გადაწევას მოითხოვდა. ამის შემდეგ კომპანიის დამფუძნებელი კახი კალაძე აცხადებდა, რომ "არსენალ სითის" მსგავსი მრავალმილიონიანი ბიუჯეტის პროექტის განხორციელებას გლობალური კრიზისის ფონზე აზრი ეკარგება და ამიტომ კალაძე ვალდებულებების გადავადებას ითხოვდა. ეკონომიკური განვითარების ყოფილი მინისტრი ლაშა ჟვანია კალაძეს პროექტში პარტნიორის შეყვანას სთავაზობდა, წინააღმდეგ შემთხვევაში სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, მიწის ნაკვეთის ჩამორთმევით ემუქრებოდა. პროექტის მიხედვით, "არსენალ სითი" მრავალფუნქციური კომპლექსია, რომელიც საცხოვრებელ, საოფისე და რეკრეაციულ ზონებს აერთიანებს. სახელმწიფოსთან აღებული ვალდებულებით, კომპანიამ კომპლექსის ტერიტორიაზე ასევე სამთავრობო ოფისები უნდა ააშენოს.