სირიაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირების მსხვერპლთა რაოდენობამ 30 ათასს მიაღწია. ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში ჯეფრი ფელტმანმა განაცხადა.
"სირიაში კონფლიქტი სულ უფრი ღრმავდება, მსხვერპლთა რაოდენობამ 30 ათასს მიაღწია", - განახცხადა ფელტმანმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელიც ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას მიეძღვნა.
მისივე თქმით, არაბულ ქვეყანაში შექმნილი ვითარება მეტყველებს, რომ კრიზისის მოგვარება "სამხედრო გზით" შეუძლებელია.
მან ასევე აღნიშნა, რომ საფრთხე კიდევ უფრო იზრდება, რომელიც მნიშვნელოვნად ემუქრება რეგიონს.
ფელტმანმა გაიხსენა სირიის მხრიდან თურქეთის ტერიტორიის დაბომბვის ფაქტები, ასევე ლიბანის საზღვარზე არსებული დაძაბული ვითარება.
გაუსლ კვირას დამასკომ უარყო გაეროს გენერალური მდივნის პან გი მუნის წინადადება ცეცხლის ცალმხრივი შეწყვეტის შესახებ. სირიამ თავის მხრივ მოუწოდა გაეროს გააგზავნოს თავისი ემისრები საუდის არაბეთში, ყარატში და თურქეთში - "ქვეყნებში საიდანაც ხდება სირიის ოპოზიციის მხარდაჭერა და მიიღოს გარანტიები, რომ ამბოხებულები შეწყვეტენ ძალადობას". ამის შემდეგ სირიის ხელისუფლება დაუბრუნდება მოლაპარაკებების მაგიდას.
შეგახსენებთ, რომ სირიაში დაპირისპირება გასული წლის მატრში დაიწყო.