დღეს, 16 ოქტომბერს, 12:00 საათზე, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გაერთიანებული ერების სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და ევროკავშირის მხარდაჭერით, მსოფლიო სურსათი დღე აღინიშნება.
ღონისძიებას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კონსტანტინე კობახიძე, FAO-ს, ევროკავშირის, სურსათის ეროვნული სააგენტოს, დონორი ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.
2012 წლის მსოფლიო სურსათის დღეს გამართული სემინარის თემა "აგრარული კოოპერატივები - მსოფლიოში შიმშილის დაძლევის გზა" იქნება. აღნიშნული თემა სურსათის უსაფრთხოებასა და შიმშილის დაძლევაში კოოპერატივების როლის წინ წამოწევის მიზნით შეირჩა.
სემინარს საქართველოში გაერთიანებული ერების სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენელი გახსნის და მოწვეულ სტუმრებს გენერალური დირექტორის მიმართვას გააცნობს.
ღონისძიების ფარგლებში ადგილობრივი აგრარული კოოპერატივების წარმოებული პროდუქციის გამოფენა-დეგუსტაცია და მსოფლიო სურსათის დღის თემასთან დაკავშირებით პოსტერების შექმნაზე სკოლის მოსწავლეებისთვის გამოცხადებული კონკურსის ფინალისტთა დაჯილდოვება გაიმართება.
მსოფლიო სურსათის დღისადმი მიძღვნილი სემინარი სურსათის ეროვნულ სააგენტოში გაიმართება (მის: მარშალ გელოვანის გამზ. #6).