ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჭიაურში გუშინ მომხდარი მიწისძვრის შედეგად საჯარო სკოლის შენობა და 12 საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ჭიაურის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა ტარიელ ქიმაძემ განუცხადა, მიწისძვრა სოფელში გუშინ საღამოს ისევ განმეორდა, რის გამოც სოფლის მაცხოვრებლებმა ღამე გარეთ გაათენეს.
„ზარალის რაოდენობა ჯერ უცნობია. რაიონის გამგეობის წარმომადგენლებს ველოდებით. მიწისძვრის შედეგად 12 საცხოვრებელი სახლი დაზიანდა, კელდები დაიბზარა. დღეს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. სკოლაში ჭერიდან და კელდებიდან ნალესი ჩამოიშალა, დაბზარულია კედლები და იატაკი. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან დღეს წარმომადგენლები ჩამოვლენ და მდგომარეობას ადგილზე გაეცნობიან", - აღნიშნა ტარიელ ქიმაძემ.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, 13 ოქტომბრიდან ლაგოდეხთან ახლოს მიწისძვრა 6-ჯერ მოხდა. ყველაზე მძლავრი მიწისძვრა 14 ოქტომბერს დილის ათი საათისთვის მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 5.4 მაგნიტუდა შეადგინა.