ავსტრიელმა პარაშუტისტმა ფელიქს ბაუმგარტნერმა სიმაღლიდან თავისუფალ ვარდნაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ის 39 კილომეტრი სიმაღლიდან გადმოხტა და აშშ-ის ნიუ-მექსიკოს შტატის უდაბნოში უვნებლად დაეშვა.
ვარდნის სიჩქარემ 1100 კმ/საათი შეადგინა, თუმცა ოფიციალური დადასტურება იმისა, რომ მან ვარდნისას ბგერის სიჩქარეს გადააჭარბა, ჯერ-ჯერობით არ არსებობეს.
ფელიქს ბაუმგარტნერის ფრენის ხანგრძლივობა 10 წუთამდე გრძელდებოდა, ამ დროიდან ნახევარი - ხუთი წუთი- მან თავისუფალი ვარდნაში გაატარა. 1,5 კილომეტრ სიმაღლეზე კი პარაშუტი გახსნა.
ბაუმგარტნერის გიგანტური სტრატოსტატი, რომელიც ჰელიუმით იყო სავსე, ცაში ნიუ-მექსიკოს შტატის ქალაქ როსუელის აეროპორტიდან აფრინდა. მას შემდეგ, რაც სტრატოსტატმა 39 კილომეტრ სიმაღლეს მიაღწია, იგი კაფსულიდან გადმოხტა.
ამ დრომდე სიმაღლიდან ხტომის რეკორდი აშშ-ის ავიაციის პოლკოვნიკს, ჯო კიტინგერს ეკუთვნოდა, რომელიც 31,3 კილომეტრი სიმაღლიდან გადმოხტა.