18, 20 და 21 ოქტომბერს თელავი ტრადიციულად მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით და "კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრის" ორგანიზებით გაიმართება. ფესტივალის დამფუძნებელი და გენერალური სამხატვრო ხელმძღვანელია ელისო ვირსალაძე. სწორად ამ გამოჩენილი ქართველი პიანისტის საკონცერტო მოღვაწეობის 50 წლისთავს ეძღვნება წლევანდელი ფესტივალი.
18, 20 და 21 ოქტომბერს მსმენელის წინაშე წარდგებიან ელისო ვირსალაძე, ნატალია გუტმანი, კოლა (ლუკას ნიკოლაი) ბლაჰერი, ინგოლფ ტურბანი და ედუარდ ბრუნერი.
წლევანდელი ფესტივალი კონცერტების გარდა ბევრ სიახლეს ჰპირდება მსმენელს. გენერალური სპონსორი - კომპანია "კავკასუს ონლაინი" ფესტივალის ონლაინჩვენებას უზრუნველყოფს ვებგვერდზე www.co.ge; ყველა ადამიანს, ვინც ვერ შეძლებს ფესტივალზე დასწრებას, შეეძლება თვალი ადევნოს მიმდინარე პროცესებს. 19 ოქტომბერს კი წიგნის - "ელისო ვირსალაძე"- პრეზენტაცია გაიმართება, რომელიც კომპანია "მაგთიკომის" მხარდაჭერით გამოიცა.
წლევანდელი ფესტივალის ფარგლებში სულ 6 კონცერტი გაიმართება, აქედან სამი - საერთაშორისო საფესტივალო ორკესტრის თანხლებით. ორკესტრი დაკომპლექტდა საგანგებოდ ფესტივალისთვის და მასში უკრავენ მაღალპროფესიონალი მუსიკოსები. ორკესტრს წარუძღვებიან დირიჟორები ანატოლი ლევინი და აღმოჩენა, 18 წლის ტიმურ ზანგიევი (ჩრდილოეთ ოსეთი), რომელსაც ასაკის მიუხედავად, კარგად იცნობს ევროპელი მსმენელი. მისი დირიჟორობით ფესტივალი 27 სექტემბერს გაიხსნა.
გახსნაზე ქართველი მსმენელის წინაშე ორი ახალგაზრდა პიანისტი - ივილინ ბერეზოვსკი (დიდი ბრიტანეთი) და კიმ ტე იანგი (კორეა) წარდგენ, რომელთაც საკმაოდ აქტიური საკონცერტო ცხოვრება აქვთ და საუკეთესო შეფასება მსმენელისა და უფროსი თაობის მუსიკოსებისაგან. ფესტივალის სექტემბრის კონცერტებში მონაწილეობა მიიღეს ლიზა ბათიაშვილმა და გამოჩენილმა პიანისტმა, ბორის ბერეზოვსკიმ. მათი კონცერტები 29, 30 სექტემბერს გაიმართა.
ფესტივალში მონაწილეობენ მუსიკოსები საქართველოდან, გერმანიიდან, ბულგარეთიდან, აზერბაიჯანიდან, შვეიცარიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, სომხეთიდან, კორეიდან, პორტუგალიიდან, ესპანეთიდან,რუსეთიდან, ყაზახეთიდან.
კონცერტები, ტრადიციულად, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატული თეატრის სცენაზე გაიმართება.
საფესტივალო საღამოები მსმენელს სთავაზობს მრავალფეროვან პროგრამას, რომელშიც შესულია მსოფლიო კლასიკური მუსიკის შედევრები. საქართველოში პირველად შესრულდება რობერტ შუმანის სავიოლინო კონცერტი.
ბილეთები იყიდება თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიისა და თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სალაროებში.
ფესტივალს საკმაოდ ხანგრძლივი ისტორია და დიდი ტრადიციები აქვს. ელისო ვირსალაძის მიერ 80-ან წლებში დაარსებულ ფესტივალს (სახელწოდებით "ქება ვაზისა") ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ანალოგი არ მოეძებნებოდა, არც ფორმატით (კონცერტების სერია და მასტერკლასები), არც მონაწილეთა შემადგენლობით და არც ასეთი მასშტაბის ფესტივალის ჩატარებით ქვეყნის რეგიონში. შემდგომ, ქვეყანაში არსებული ვითარებისა და ობიექტური მიზეზების გამო, ფესტივალი აღარ ჩატარებულა.
2010 წლის ოქტომბერში, თითქმის ოცწლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და ელისო ვირსალაძის ინიციატივით, მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში განახლებული სახით (ასევე, სახელწოდებით) აღდგა. სპეციალურად ფესტივალისთვის სახელმწიფომ შეიძინა "Steinway & Sons"-ის საუკეთესო ორი საკონცერტო როიალი. წელს კლასიკური მუსიკის ფორუმი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება. გენერალური სპონსორია კომპანია "კავკასუს ონლაინი", რომელიც ინტერნეტით ფესტივალის ონლაინჩვენებას უზრუნველყოფს ვებგვერდზე