ევროკავშირი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ახალ პროექტს იწყებს. დღეს შსს-ში პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის მიზანია საგანგებო სიტუაციების სფეროს განვითარება და ატარებს ამავე სახელწოდებას - ,,შსს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მხარდაჭერა საქართველოში საგანგებო სიტუაციების სფეროს განვითარებისათვის''
პროექტის ფარგლებში იგეგმება:
• საქართველოს შსს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის რისკების დაგეგმვისა და რეაგირების საშუალებების გაუმჯობესება;
• საქართველოში სამოქალაქო თავდაცვისა და კატასტროფების მართვის შესახებ კანონმდებლობის გაუმჯობესება;
• ეროვნულ დონეზე პრევენციის მექანიზმების გაუმჯობესება;
• საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის შესაძლებლობების გაზრდა საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით, რათა ეფექტურად განახორციელოს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება რისკების გამოვლენის, პრევენციისა და რეაგირების ეფექტურობის ამაღლების მიზნით.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტის ბიუჯეტი 800 000 ევროს შეადგენს და ერთი წლის ვადითაა განსაზღვრული.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ დაძმობილების პროექტის პარტნიორი უწყებების -საფრანგეთის სამოქალაქო თავდაცვისა და კრიზისების მართვის გენერალური დირექტორატი, ლიტვის შსს სახანძრო და სამაშველო დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტების დირექტორები.