ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გადაცემა „ევროპული არჩევანის" დახურვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ჯი-ეიჩ-ენი" უცვლელად გთავაზობთ:
2011 წლის აპრილიდან ამა წლის სექტემბრის ჩათვლით ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ინიციატივითა და თანადაფინანსებით საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი სატელევიზიო არხის ეთერში გადიოდა გადაცემა „ევროპული არჩევანი". ფონდისა და საზოგადოებრივ მაუწყებელს შორის არსებული ხელშეკრულების თანახმად (რომლის განუყოფელი ნაწილია ხელშეკრულების დანართები), ეთერში უნდა გასულიყო 56 გადაცემა. იმის გათვალისწინებით, რომ გადაცემა წელიწადზე მეტია საქართველოსათვის აქტუალურ საკითხებს აშუქებდა და მისი ეთერში გასვლის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს, საჭიროდ ვთვლით, ამ საკითხთან დაკავშირებით ფონდის პოზიციის თაობაზე საზოგადოებას ვაცნობოთ.
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელი დირექტორის ბატონი გიორგი ჭანტურიას 2012 წლის 9 ოქტომბრით დათარიღებული წერილის საშუალებით, ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა შეიტყო გადაცემის „ევროპული არჩევანი" წამყვანის ვახტანგ სანაიას გათავისუფლების შესახებ. ფონდსა და საზოგადოებრივ მაუწყებელს შორის არსებული ხელშეკრულების პირობების საწინააღმდეგოდ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ცალმხრივად, ფონდთან ყოველგვარი მოლაპარაკების გარეშე, მიიღო გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი ცვლილება შეეტანა სატელევიზიო პროექტის მსვლელობაში. წამყვანის გათავისუფლება/შეცვლა განსაკუთრებით გაუმართლებლად მიგვაჩნია მაშინ, როდესაც პროექტის ფარგლებში მოსამზადებელი დარჩა 7 გადაცემა. იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ფონდთან შეუთანხმებლად დაითხოვა გადაცემის წამყვანი, ფონდი წყვეტს პროექტის თანადაფინანსებას.
ამ შემთხვევამ კიდევ ერთხელ გამოავლინა ის პრობლემები, რომლებზეც წლების განმავლობაში ყურადღებას ამახვილებს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლები, კერძოდ, მედიის დამოუკიდებლობის შეზღუდვა და შრომითი კანონმდებლობის დახვეწის აუცილებლობა. ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი ურჩევს საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილ თანამშრომლებს მიმართონ ფონდისა და ევროკავშირის ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში შექმნილ ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, რათა დაიცვან თავიანთი შრომითი და სხვა უფლებები. თავის მხრივ, ფონდი განაგრძობს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას, რათა ერთობლივი ძალისხმევით მოხდეს ცვლილებები მედიის დამოუკიდებლობის განმტკიცებისა და შრომის კოდექსის გაუმჯობესების მიზნით.