მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით და მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით, მიმდინარე წლის 14 ოქტომბერს, სახალხო დღესასწაული მცხეთობა გაიმართება.
ამასთან დაკავშირებით, მცხეთაში უამრავი კულტურული ღონისძიებების ჩატარებაა დაგეგმილი, სადაც მონაწილეობას მიღებენ როგორც რეგიონის, ასევე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ფოლკლორული და ქორეოგრაფიულმა ანსამბლები.
დილის 9.00 საათზე სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა დაიწყება.
10.00 საათიდან კი, მცხეთის ცენტრალურ ქუჩაზე (დ.აღმაშენებლის ქუჩა) მოეწყობა ხალხური რეწვის ნიმუშების, ასევე საჯარო სკოლების, კულტურის სახლებისა და ბიბლიოთეკების საშემოდგომო გამოფენები. გაიმართება სპორტული სანახაობითი წარმოდგენები: ქართული ჭიდაობა, მაგიდის ჩოგბურთი, ფრენბურთი, მკლავჭიდი და სხვა. ქალაქ მცხეთის ქუჩებში მოეწყობა სახალხო სეირნობა, სადაც პარალელურად გაიმართება თეატრალური წარმოდგენები. თეატრონის ტერიტორიაზე დილიდან განლაგდება კვების ობიექტებიც, სადაც მცხეთაში ჩამოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ ტრადიციული ქართული კერძები.
ქ. მცხეთის ცენტრალურ ქუჩაზე (დ.აღმაშენებლის ქუჩა) განლაგდება სამი სცენა, სადაც 12.30 საათზე, საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ანსამბლები საკუთარი შემოქმედებით წარდგებიან მაყურებლის წინაშე.
17.00 საათზე კი ქართული ესტრადის მომღერლების (თემურ წიკლაური, ეთერ კაკულია, ნუგზარ ერგემლიძე, ნინი შერმადინი, ლევან კბილაშვილი, ელენე ფოჩხუა, ბესო კალანდაძე, ლევან კვინიკაძე, გურამ ჯაში, ხალხური სიმღერის ანსამბლი „მცხეთა") მონაწილეობით გალა კონცერტი გაიმართება, რომელიც მოგვიანებით ულამაზესი ფოიერვერკით დასრულდება.
თბილისიდან ქ.მცხეთის მიმართულებით 14 ოქტომბერს გზა დილის 8.00 საათიდან გადაიკეტება და სახალხო დღესასწაულზე დამსწრეთა მსურველთათვის, ავტომანქანებით შემოსვლა მხოლოდ დასავლეთის მიმართულებით არსებული გზის მაგისტრალით, კერძოდ, ნარეკვავის მხრიდან იქნება შესაძლებელი.
ავტომანქანების სადგომი: ქ. მცხეთის ე.წ. თეატრონის ტერიტორია (ბებრის ციხის მახლობლად).