ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი ვიტალი დარასელია დღეს სეპარატისტულ აფხაზეთშიც გაიხსენეს. დარასელიას დღეს 55 წელი შეუსრულდებოდა - იუწყება აფხაზური მედია.
მათი ინფორმაციით, ქალაქ ოჩამჩირეში არსებულ მემორიალთან, იქ სადაც ლეგენდარული ფეხბურთელია დაკრძალული, ოჩამჩირის ე.წ. ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, რაიონული საკრებულოს ე.წ. დეპუტატებმა, საზოგადოებრივი და საფეხბურთო კლუბების წარმომადგენლებმა და ახალგაზრდა სპორტსმენებმა გვირგვინები მიიტანეს.
"ეს დიდებული ფეხბურთელი იყო, თამაშის განსაკუთრებული ტექნიკითა და ათლეტიზმით. თავისი 25 წლისთვის მან ძალიან მაღალ დონეს მიაღწია და საბჭოთა კავშირის ნახევარმცველთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო",_ განაცხადა ჟურნალისტმა ინალ ხაშიგმა და დარასელიას აფხაზური ფეხბურთის "ხატი" უწოდა.
დარასელიას უზარმაზარი პორტრეტი აფხაზეთის გამოჩენილი ფეხბურთელების სტენდზე, სოხუმის სანაპიროზე არსებულ სტადიონზეა განთავსებული.
"ფეხბურთელი, როგორც ეროვნული გმირი, დაკრძალულია სამშობლოში, ქალაქ ოჩამჩირეში, რომლის სტადიონიც სწორედ მის სახელს ატარებს", _იუწყება აფხაზური მხარე.
შეგახსნებთ, რომ დღეს, 9 ოქტომბერს, ლეგენდარულ ქართველ ფეხბურთელს, ვიტალი დარასელიას, 55 წელი შეუსრულდებოდა. დარასელია 1957 წლის 9 ოქტომბერს ოჩამჩირეში დაიბადა. თამაშობდა საფეხბურთო კლუბ თბილისის დინამოსა და საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობაში.
თავისი კარიერის ძირითადი ნაწილი დინამოში გაატარა. უეფა-ს თასების თასის 1980-81 წლების გათამაშების ფინალში, მატჩის დასრულებამდე სამი წუთით ადრე, კარლ ცაისის კარში გაიტანა გადამწყვეტი გოლი და გუნდს გამარჯვება მოუტანა. დარასელია 1982 წლის 13 დეკემბერს ავტოკატასტროფაში დაიღუპა.