რა მოლოდინები გააჩინა საქართველოს ორი ოკუპირებული რეგიონის დე-ფაქტო
ხელისუფლებაში საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგებმა და რას ელიან ისინი მომავალში საქართველოსგან სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" ამ თემებზე საუბრისას ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ როდესაც სოხუმში და ცხინვალში, ასევე მოსკოვში კეთდება განცხადებები იმის შესახებ, რომ სტატუსთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გამორიცხულია ეს პრევენციული განცხადებაა.
("როგორც აფხაზეთსა და საქართველოს ისე ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის მოლაპარაკებები შესაძლებელია მხოლოდ ერთი მიზნით დაიწყოს - გაფორმდეს იურიდიულად სავალდებულო ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმება", _ აცხადებენ სეპარატისტები.
"აფხაზეთზე - არც იოცნებოთ", _ აცხადებს ანქვაბი.
"საქართველოსგან ჩვენი დამოუკიდებლობის აღიარების მოთხოვნას დაჟინებით გავაგრძელებთ", _ აცხადებენ ოსი სეპარატისტები.
"აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსის შესახებ მოლაპარაკებების გამართვა შეუძლებელია", _ აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი.
"კანონი ოკუპრებული ტერიტორიების შესახებ უნდა გადაიხედოს",- რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი.)
"რაც შეეხება მათ ნათქვამს, იმის შესახებ, რომ სტატუსზე მოლაპარაკებები შეუძლებელია რუსეთი იქნება ეს, ცხინვალი თუ სოხუმი საქმე იმაშია, რომ ეს არის პრევენციული განცხადებები იმისათვის, რომ წინასწარ გეუბნებიან, რომ ამ თემაზე ვითომ ლაპარაკი არ დაიწყოს. ეს არის ჩემთვის აბსოლუტურად გასაგები და ლოგიკური. ამასთან ერთად ისიც, რომ მათ განაახლეს საუბარი ცეცხლის განუახლებლობის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ",_ აცხადებს არეშიძე.
მისივე თქმით, რაც შეეხება თავდაუსხმელობის ხელშეკრულების გაფორმებას, რომელსაც ასე დაჟინებით მოითხოვს სოხუმი და ცხინვალი, პარტია "ნაციონალური მოძრაობის" შეცდომა მდგომარეობდა იმაში, რომ მათ ამ დოკუმენტის სხვა ვარიანტი არ შესთავაზეს მოწინააღმდეგე მხარეს.
"ნაციონალური მოძრაობა" შეიძლება აკრიტიკო სხვა და სხვა საქმიანობაში და ეს ასეც არის, მაგრამ ამ შემთხვევაში, "ნაციონალური მოძრაობის" შეცდომა იმაში კი არ მდგომარეობდა, რომ ამ ხელშეკრულებას ხელს არ აწერდა, შეცდომა მდგომარეობდა იმაში, რომ მათ ამ დოკუმენტის სხვა ვარიანტი არ შესთავაზეს მოწინააღმდეგე მხარეს",- აცხადებს არეშიძე და მიიჩნევს, რომ ამგვარი ხელშეკრულება არა სახელმწიფოებს, არამედ მხარეებს შორის უნდა გაფორმდეს.
"ისინი უარს აცხადებდნენ ცეცხლის განუახლებლობის ხელშეკრულების გაფორმებაზე რესპუბლიკა სამხრეთ ოსეთთან და რესპუბლიკა აფხაზეთთან , მაგრამ შეიძლებოდა სხვა ვარიანტიც - მხარეებს შორის გაფორმებულიყო ეს ხელშეკრულება. მე არ ვიცი მოდიან თუ არა ისინი ამაზე, მაგრამ შეთავაზება ხომ შეიძლებოდა?", _ აცხადებს არეშიძე და აღნიშნავს, რომ უნდა მოხდეს ამ ხელშეკრულების გაფორმება, თუმცა არავითარ შემთხვევაში რესპუბლიკა სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს ან რესპუბლიკა აფხაზეთსა და საქართველოს შორის - ეს უნდა იყოს მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულება.
ამასთან ერთად, ექსპერტი კავკასიის საკითხებში სააგენტოსთან ასევე საუბრობს იმაზე, რომ სოხუმსა და ცხინვალში ძალიან კარგად აცნობიერებენ, რომ მათი დამოუკიდებლობა რუსეთის კეთილ ნებაზეა დამყარებული.
"ეს არის ეფემერული თემა, ცხინვალშიც და სოხუმშიც ძალიან კარგად იციან, რომ მათი დამოუკიდებლობა რუსეთის კეთილ ნებაზეა დაფუძნებული და როდის დამთავრდება ეს ამბავი კაცმა არ იცის, ამიტომაც მათი ერთდროულად გაკეთებული განცხადებები მიმანიშნებელია იმისა, რომ მოსკოვიდან იყო ზარი, რომ ეს განცხადება გააკეთებულიყო",_ მიიჩნევს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ რაც შეეხება ზაქარეიშვილის განცხადებებს "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის" შეცვლასთან დაკავშირებით, ეს კანონი ბუნებრივია უნდა არსებობდეს თუმცა გააჩნია რა შინაარსს ჩადებ და რას დაარქმევ მას.
"რაც შეეხება ზაქარეიშვილის განცხადებას ოკუპირებული ტერიტორიების კანონთან დაკავშირებით, მე მესმის, რომ ეს კანონი ხელისშემშლელია ზოგიერთი ნაბიჯის გადადგმაში რუსეთისკენ იქნება ეს, თუ ცხინვალისკენ, თუ სოხუმისაკენ, მაგრამ არ ვიცი თუ რა ტიპის ცვლილებების შეტანას აპირებს ზაქარეიშვილი ამ კანონში - ამაზე ლაპარაკი ჩვენ არ გვქონია.
გააჩნია რა შინაარსს ჩადებ და რა სათაურს დაარქმევ თორე,მ რაღაც კანონი ამ ოკუპაციის ფორმასთან დაკავშირებით ბუნებრივია უნდა იყოს, თუმცა შინაარსსაც გააჩნია და სათაურსაც.
ჩემთვის კარგად არის ცნობილი თუ რა პუნქტებია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" პროგრამაში მათ შემუშავებაში ნაწილობრივ მეც მაქვს მონაწილეობა მიღებული, მაგრამ თვითონ კანონთან დაკავშირებით და კანონის ცვლილებასთან დაკავშირებით ჩამოყალიბებული ჯერ-ჯერობით არ ვარ", _ აცხადებს მამუკა არეშიძე სააგენტოსთან საუბარში.