„სახალხო კრება" მოუთმენლად ელის ახალრჩეული პარლამენტისა და მომავალი მთავრობის შესაბამის გადაწყვეტილებებს, რომ უმოკლეს ვადებში დაიწყოს პოლიტიკური და უკანონო პატიმრების განთავისუფლების და პოლიტიკური დევნილების დაბრუნების პროცესი. როგორც "სახალხო კრების" განცხადებაშია აღნიშნული, ამას ელიან თავად უკანონოდ დასჯილნი, მათი ოჯახის წევრები და მთელი ქართული საზოგადოება. სწორედ ეს იქნება კიდევ ერთი, უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი სააკაშვილის ძალადობრივი რეჟიმის დასასრულისაკენ.
"საქართველოში შექმნილ ახალ პოლიტიკურ ვითარებაში, მაშინ როდესაც „ქართულმა ოცნებამ" მიაღწია დამაჯერებელ გამარჯვებას 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, „სახალხო კრება" იმედოვნებს, რომ ახალი ხელისუფლება დაუყოვნებლივ დაიწყებს ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის პროცესს. სამართლიანობის აღდგენის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი, კი სააკაშვილის ავტორიტარული რეჟიმის მიერ რეპრესირებულთა განთავისუფლებაა. „სახალხო კრება" და მასში შემავალი პოლიტიკური პარტიები, დაარსების დღიდან ყველაზე მეტად განიცდიდნენ პოლიტიკურ დევნას, ხოლო 2011 წლის 26 მაისის შემდეგ, სწორედ ჩვენ აღმოვჩნდით განსაკუთრებულად რეპრესირებულნი რეჟიმის მხრიდან. მიუხედავად ამისა, „სახალხო კრებას" არასოდეს განუსხვავებია ერთმანეთისაგან თავისი და სხვისი პატიმარი და ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ყოველთვის ერთნაირად ვიბრძოდით ყველა რეპრესირებულის ინტერესების დასაცავად", - ნათქვამია განცხადებაში.