საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთსა და სლოვაკეთში იმყოფებოდა.
ვიზიტის ფარგლებში, მინისტრმა ვაშაძემ ორმხრივი შეხვედრები გამართა ჩეხ კოლეგასთან კარელ შვარცენბერგთან და სლოვაკეთის ვიცე-პრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან მიროსლავ ლაიჩაკთან. შეხვედრებზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებსა და მის შედეგებზე. აღინიშნა, არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების მაღალი დონე და მისი მნიშვნელობა. კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ჩეხეთისა და სლოვაკეთის ცალსახა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკისადმი, ამასთან, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისადმი და ამ პროცესის შეუქცევადობისადმი. საუბარი შეეხო პარტნიორული ურთიერთობების შემდგომ პერსპექტივებს, ასევე საერთაშორისო მნიშვნელობის სხვა საკითხებს.
საქართველოსა და სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი პრეს-კონფერენცია გამართეს მას-მედიის წარმომადგენლებისათვის.
8 ოქტომბერს, ავსტრიის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტად მყოფმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ შეხვედრა გამართა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხაელ შპინდელეგერთან. შეხვედრაზე, საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ხაზი გაესვა მისი ჩატარების დემოკრატიულობის მაღალ ხარისხს. აღინიშნა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით მიღწეული წარმატებები და ამ პროცესის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობა.
საქართველო-ავსტრიას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების შესახებ საუბრისას, აღინიშნა, რომ ბოლო წლების განმავლობაში პარტნიორობამ თვისობრივად ახალი ხასიათი შეიძინა და გამოითქვა იმედი, რომ მომავალში ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.