საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საზღვარგარეთ გარდაცვილი ადამიანის გადმოსვენების ხარჯებს იმ შემთხვევაში გაიღებს, თუ გარდაცვლილის შესახებ შუამდგომლობა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ, პარლამენტის წევრის მიერ და მთავრობის კანცელარიის მიერაა დაყენებული.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ივანე მერაბიშვილის დადგენილების თანახმად, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნება დაერთო მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, განიხილოს ამ დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო ორგანოს/თანამდებობის პირის შუამდგომლობა და მიიღოს გადაწყვეტილება საზღვარგარეთ გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის საქართველოში გადმოსვენების ხარჯების ანაზღაურების თაობაზე.
"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საზღვარგარეთ გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის საქართველოში გადმოსვენების ხარჯების ანაზღაურების თაობაზე შუამდგომლობას განიხილავს იმ შემთხვევაში, თუ იგი წარდგენილია: ა) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ;
ბ) საქართველოს პარლამენტის წევრის მიერ; გ) საქართველოს მთავრობის კანცელარიის მიერ", - ნათქვამია მერაბიშვილის განკარგულებაში.