„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, გურჯაანში „ნაციონალური მოძრაობის" მომხრეებზე „ქართული ოცნების" წარმომადგენელი ჯონი ოსიაშვილი ზეწოლას ახორციელებს.
ჭიაბერაშვილის თქმით, ოსიაშვილი ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრება გია მელიქიშვილს, თემურ ბუწაშვილს, ალექსანდრე იმერლიშვილს, გოგიტა და ზურა შავკაციშვილებს.
პრესკონფერენციაზე „ნაციონალური მოძრაობიდან" გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ღვინიაშვილიც იმყოფებოდა. ღვინიაშვილის განცხადებით, საერთაშორისო საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და „ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებების მიუხედავად, საარჩევნო ადმინისტრაციის წევრებზე, საჯარო მოხელეებსა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებზე დაშინებისა და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარა გრძელდება.