ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა ლაგოდეხის საარჩევნო ოლქის შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნით გურჯაანის რაიონულ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს მე-15 ლაგოდეხის საოლქო საარჩევნო კომისიაში კოალიცია „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების" წარმომადგენელმა გაგა ღამბაშიძემ განუცხადა, საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა სიები კანონით დადგენილი ვადების დარღვევით გაიკრა და ზოგიერთი სიიდან „ქართული ოცნების" მხარდამჭერები ამოიღეს.
„დაირღვა კანონით დადგენილი წესი, რომ საარჩევნო სიები საარჩევნო უბნებზე გამოკრული უნდა ყოფილიყო არჩევნებამდე არაუგვიანეს 2 დღისა. ანუ 28-ში საღამოს, ან 29-ში დილას უკვე უნდა ყოფილიყო დაზუსტებული სიები, მაგრამ როგორც საოლქო კომისიის თავმჯდომარემ განმარტა, სიები თვითონ ცესკოდან გადაეცათ დაგვიანებით და მათი გაკვრა მოხერხდა მხოლოდ 30-ში საღამოს და ზოგ უბანში არჩევნების დღეს, რამაც შესაძლებლობა წაართვა ამომრჩეველს, თავისი თავი ეპოვა სიებში. თან აღმოჩნდა, რომ სიებში არ დაფიქსირდა ის ამომრჩეველი, რომელიც მანამდე იმყოფებოდა წინასწარ სიებში და ეს ადამიანები ხმას აძლევდნენ „ქართულ ოცნებას". ეს საფუძველს გვაძლევს და ამომრჩევლის მოთხოვნაც არის, რომ გაყალბებულად ჩაითვალოს არჩევნები, ბათილად იქნას ცნობილი არჩევნების შედეგები და ახლიდან დაინიშნოს არჩევნები. ამას ტოტალური ხასიათი ჰქონდა მთელ ოლქში" -აღნიშნა ღამბაშიძემ.
მე-15 ლაგოდეხის საოლქო საარჩევნო კომისიამ „ქართული ოცნების" საჩივარი 4 ოქტომბერს განიხილა და არ დააკმაყოფილა.