კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, კახეთის გუბერნატორად შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ინიშნება. როგორც კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში განაცხადეს, პრეზიდენტი ახალ გუბერნატორს რამდენიმე დღეში დანიშნავს.
კახეთის გუბერნატორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ყოფილმა გუბერნატორმა გიორგი ღვინიაშვილმა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა. ამ დროისთვის გუბერნატორის მოვალეობას სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი სიბაშვილი ასრულებს.
ზურაბ ჭიაბერაშვილი 1972 წლის 6 ივნისს. 1994 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფილოსოფიის სპეციალობით, ხოლო 1997 წელს - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის ასპირანტურა. 1993-1997 წლებში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე გაზეთ „რეზონანსში". 1997-1998 წლებში მუშაობდა საერთაშორისო საზოგადოება „სამართლიანი არჩევნების" პრეს-მდივნად. 1998 - 2002 წლებში იყო ფილოსოფიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მართვის ევროპულ სკოლაში (ESM). 2002 და 2003 წლების გაზაფხულის სასწავლო სემესტრების განმავლობაში იყო მიწვეული მკვლევარი ახალი სკოლის უნივერსიტეტში (ნიუ იორკი, აშშ). 1999-2002 წლებში მუშაობდა ეროვნულ ბიბლიოთეკაში. 2002-2003 წლებში იყო საერთაშორისო საზოგადოება „სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელი დირექტორი. „სამართლიანი არჩევნები აქტიურად მონაწილეობდა 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების დაკვირვებისა და შეფასების პროცესში. ორგანიზაციამ არჩევნები უარყოფითად შეაფასა. ვარდების რევოლუციის შემდეგ ჭიაბერაშვილი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ დანიშნეს. მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნები. 2004-2005 წლებში იყო თბილისის მერი. 2005-2010 წლებში იყო საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროპის საბჭოში. 2011-12 წლებში იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტეინში. 2012 წლიდან არის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.
შეგახსენებთ, საპარლამენტო არჩევნებში ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნების" გამარჯვების და „ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო უმცირესობაში გადასვლის გამო, საქართველოს ახალი მინისტრთა კაბინეტი ეყოლება. „ქართული ოცნების" ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, შეიცვლება ყველა მინისტრი