საქართველოს სროლის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი უდესიანი ტელეკომპანია "მაესტრო"-ს საინფორმაციო სამსახურს მიმართავს და 5 ოქტომბრის ტელეკომპანიის ეთერში გასულ სიუჟეტს ცალმხრივად შეთხზულ ბრალდებას უწოდებს, რომელშიც ინკოგნიტოდ მყოფმა ადამიანმა მორიგი დაკვეთა შეასრულა.
განცხადებაში, რომელიც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენმა" უდესიანისგან მიიღო, აღნიშნულია, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, გარკვეული მედიასაშუალებების მიერ მის წინააღმდეგ წინააღმდეგ მიმდინარეობს დაუსაბუთებელი ბრალდებებითა და ცილისწამებებით აღსავსე პიარ-კამპანია, რასაც შეგნებულად არ ეხმაურებოდა, რადგან მიაჩნდა, რომ ისედაც დაძაბულ სიტუაციაში, საფუძველს მოკლებული, დაკვეთილი სიუჟეტების წინააღმდეგ რეაგირება არ ღირდა.
"მაგრამ უკნასკნელ დღეებში, ქვეყანაში ახალი პოლიტიკური ვითარების ფონზე ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების წინააღმდეგ გუშინდელმა, 5 ოქტომბრის ტელეკომპანია მაესტროს 9 საათიანი საინფორმაციო გამოშვების სიუჟეტმა ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა. ცალმხრივად შეთხზულმა ბრალდებამ, რომელშიც ინკოგნიტოდ მყოფმა ადამიანმა მორიგი დაკვეთა შეასრულა. ჟურნალისტს კი არანაირი სურვილი და მცდელობა არ ჰქონია დამკავშირებოდა", - ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნაულია, რომ ამჟამად იმყოფება საზღვარგარეთ და უახლოეს მომავალში ყველა კითხვას თამამად გასცემს პასუხს.
"მიმაჩნია, რომ თავისუფალი მედია ყოველთვის უნდა იდგეს ადამიანის უფლებების დაცვის სადარაჯოზე, არ უნდა არღვევდეს ადამიანის უდანაშაულობის პრეზუმციას და არ უნდა ასრულებდეს კერძო ადამიანების ბინძურ დაკვეთებს", - აღნიშნავს უდესიანი.
"მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ , ჩემი - გიორგი უდესიანის ინტერესებში
არასოდეს ყოფილა და არც მომავალში იქნება საქართველოში დესტაბილიზაციის, ან რაიმე ტიპის ქაოსისა და არეულობის ინტერესი. მე ყოველთვის ვიდექი რიგით ჯარისკაცად იქ, სადაც ჩემს ქვეყანას სჭირდებოდა. ვამაყობ, რომ 1990-იანი წლებიდან, აფხაზეთის ომიდან მოყოლებული, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ჩემს თანამებრძოლებთან ერთად, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას ვიცავდი", - ნათქვამია განცხადებაში და სროლის ფედერაციის პრეზიდენტი იმედს გამოთქვამ, რომ შეჩერდება "ეს ყოველგვარ ზღვარს გადასული, ადამიანის ღირსების შემლახველი კამპანია და საჭირო არ გახდება მივმართო, ადამიანის უფლებების დამცველ საერთაშორისო ორგანიზაციებს".