კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, კახეთის პოლიციის ყოფილ უფროსს თამაზ თამაზაშვილს, რომელსაც 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული, რამდენიმე დღეში გაათავისუფლებენ. ამ ინფორმაციას თამაზაშვილის ოჯახის წევრებიც ადასტურებენ.
„ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა არჩევნების მეორე დღეს, 2 ოქტომბერს, ხელისუფლებას თხოვნით მიმართა, რომ „ქართული ოცნების" მხარდამჭერები, მათ შორის ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი, თამაზ თამაზაშვილი, რომელიც პოლიტიკური ნიშნით არის დაკავებული, კანონიერი გზით გაათავისუფლოს. კოალიციის რამდენიმე აქტივისტი უკვე გააათავისუფლეს.
თამაზ თამაზაშვილს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებლის ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი და კოალიციიდან დედოფლისწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატის ალექსანდრე თამაზაშვილის მამაა, თბილისის საქალაქო სასამართლომ სასჯელის სახით 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიმდინარე წლის აპრილში მიუსაჯა.
პროკურატურა თამაზ თამაზაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის I და II ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ადანაშაულებდა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა შენახვას და ტარებას ითვალისწინებს.
თამაზ თამაზაშვილი სამართალდამცავებმა 2011 წლის 11 ოქტომრებს დააკავეს. თამაზ თამაზაშვილი დანაშაულს არ აღიარებს. 2011 წლის 11 ნოემბერს, დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ლენინოვკაში თამაზ თამაზაშვილის სახლი დაიწვა. სახლს ხანძარი გაურკვეველ ვითარებაში გაუჩნდა, მეხანძრეები კი შემთხვევის ადგილზე 1 საათის დაგვიანებით მივიდნენ.