პასუხისმგებლობის მქონე თითოეულმა პოლიტიკურმა ძალამ უნდა იზრუნოს კანონიერების შენარჩუნებასა და დანაშაულის აღმოფხვრაზე, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშ[ილმა შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ეკატერინე ზღულაძესა და ქვეყნის მთავარ პროკურორ მურთაზ ზოდელავასთან გამართულ თათბირზე.
მისი თქმით, მკაცრად უნდა გავაკონტროლდეს ისიც, რომ კანონიერმა ქურდებმა არ გადმოკვეთონ საქართველოს საზღვარი
„ადამიანი ღვედს რომ არ იკეთებს, ამით პროტესტს უცხადებს თავის თავს... ღვედების გამოყენებამ 30 პროცენტით შეამცირა სიკვდილიანობა გზებზე. ევროკავშირის მონაცემებით, აქამდე ჩვენ გვქონდა დანაშაულის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი მთელ ევროპაში და ამით ძალიან ვამაყობ... მკაცრად უნდა გავაკონტროლოთ ისიც, რომ კანონიერმა ქურდებმა არ გადმოკვეთონ საქართველოს საზღვარი - საქართველოს კანონმდებლობით, „კანონიერი ქურდობა" ისჯება სისხლის სამართლებრივად და ამას უნდა მივხედოთ. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ დემოკრატიის პირობებში, მათი დრო არასდროს აღარ დადგება. კანონის უზენაესობის პირობებში, ისინი ვერასდროს ვეღარ გაბატონდებიან ჩვენ ქუჩებსა და ეზოებში. ყველა პასუხისმგებელმა პოლიტიკურმა ძალამ - ჩვენ, თქვენ და რა თქმა უნდა, ქართულმა საზოგადოებრიობამ არ უნდა დავუშვათ, რომ ამ ვითარებას ვინმემ საფრთხე შეუქმნას... წინასაარჩევნო კამპანია უკვე დამთავრდა, აღარ არის რიტორიკისა და დაპირისპირების დრო. ჩვენ ვაღიარეთ არჩევნების შედეგები, ყველამ უნდა პატივი ვცეთ კონსტიტუციას და ყველა კანონს უკლებლივ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ქვეყნის პირველი პირი ასევე აპირებს, გიორგი ტუღუშთან ერთად განიხილოს საპყრობილეებში არსებული ვითარება და იმის მიუხედავად, რომ იქ უკვე დამყარდა წესრიგი და აღიკვეთა ძალადობა ადმინისტრაციის მხრიდან, ხელისუფლების ცვლამ, მისი თქმით, არ უნდა გამოიწვიოს სრული უკანონობა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში.