ოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ქვეყანაში მომხდარ დანაშაულებთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან ეკატერინე ზღულაძესა და ქვეყნის მთავარ პროკურორთან მურთაზ ზოდელავასთან თათბირი გამართა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქვეყნის პირველმა პირმა შეშფოთება გამოთქვა და უკლებლივ ყველა პოლიტიკურ ძალას მოუწოდა, რომ პატივი სცენ კონსტიტუციასა და მოქმედ კანონმდებლობას და ქვეყანაში არ დაუშვან წესრიგისა და კანონიერების მოშლა. პრეზიდენტის განცხადებით, მთავრობის გადაბარება კონსტიტუციით განსაზღვრული ნორმების შესაბამისად მოხდება და ეს პროცესი არ უნდა აისახოს ქვეყნის ყოველდღიურ უსაფრთხოებაზე.
„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ახლა გარდამავალი პერიოდია, მაგრამ ჩვენი მოქმედი ხელმძღვანელობის - შინაგან საქმეთა სამინისტროს, თითოეული პოლიციელის, პროკურატურის თითოეული თანამშრომლის პასუხისმგებლობაა, რომ არც ერთ გარემოებაში არ დაუშვან ქვეყანაში წესრიგის და კანონიერების მოშლა. ჩვენ აღარ ვართ 90-იან წლებში და თუკი ვინმეს აქვს ილუზია, რომ ახლა მათი დრო დადგა, ვფიქრობ, ძალიან ცდება. ამიტომ, დაელაპარაკეთ ყველა პოლიციელს, პროკურატურის ყველა თანამშრომელს იმუშაონ ისე, როგორც ყოველთვის და დაამყარონ კანონიერება და წესრიგი. ძარცვა, დაყაჩაღება, მანქანების გატაცება, სხვა ტიპის ძალადობრივი გამოვლინებები უნდა აღიკვეთოს ისე, როგორც ეს ბოლო წლების განმავლობაში იყო აღკვეთილი. ჩვენ ყველანი პატივს ვცემთ დემოკრატიას და ქართველი ხალხის არჩევანს. ძალაუფლებას თქვენ გადააბარებთ შემდეგ მინისტრს ისე, როგორც ეს წესითა და რიგით არის გათვალისწინებული. ახლანდელი მთავრობა შემდეგ ხელისუფლებას გადააბარებს პასუხისმგებლობას ისე, როგორც ეს კონსტიტუციით არის გათვალისწინებული. კონსტიტუციური წესრიგის ფარგლებში, ეს არის ჩვენი ქვეყნის დიდი მონაპოვარი, მაგრამ, ამავე დროს, ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა აისახოს მოქალაქეების ყოველდღიურ უსაფრთხოებაზე. ეს არის წმიდათა წმინდა და ხელშეუხებელი რამ", - განაცხადა პრეზიდენტმა ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებთან საუბრისას.