"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების", "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა " და "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ინფორმაციით, მარნეულის გამგეობაში მომხდარი ინციდენტი კოალიცია "ქართული ოცნების" აქტივისტების მიერ იყო პროვოცირებული.
როგორც ორგანიზაციების მიერ ჰავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, თავისი დამკვირვებლების ცნობით, მარნეულის გამგეობის შენობაში სწორედ "ქართული ოცნების" აქტივისტები შეიჭრნენ, რომლებიც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ გამგეობის თანამშრომლებს.
"სამწუხაროდ, ადგილი ჰქონდა გამგებლის მოადგილისა და მისი მძღოლის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტს. ეს უკანასკნელი ამჟამად გადაყვანილია საავადმყოფოში. მარნეულის გამგებლის განცხადებით, ფიზიკურ ძალადობას მის მიმართაც ჰქონდა ადგილი", - ნათქვამია ორგანიზაციების განცხადებაში.
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება", "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" და "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტს გმობენ და კიდევ ერთხელ მოუწოდებენ პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, უზრუნველყონ კოალიციის აქტივისტებისა და მხარდამჭერების მიერ პოლიტიკური ნიშნით ძალადობრივი ქმედებების აღკვეთა. "ეს საფრთხეს უქმნის არჩევნების შემდგომი პერიოდის მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარებას", - აღნიშნულია განცხადებაში