"ქართული ოცნების" ლიდერი პირობას დებს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ რუსეთთან სავაჭრო და კულტურული ურთიერთობები აღდგეს. ბიძინა ივანიშვილი განმარტავს, რომ კონკრეტული რწმუნებულება არ გააჩნია, თუმცა ამ მიმართულებით აუცილებლად იმუშავებს.
"გულწრფელად გეტყვით, რომ ჩემი განცხადებების უკან დამალული არაფერია. 10 წელია, რუსეთში არ ვყოფილვარ და იქ ქონებაც გავასხვისე, თუმცა მუდამ ვაცხადებდი და დღესაც გავიმეორებ: მაქვს რწმენა და იმედი, რომ ძალიან სწრაფად შეგვიძლია აღვადგინოთ სავაჭრო და კულტურული ურთიერთობები. რაც შეეხება უფრო რთულს - რაც ჩვენ გვქონდა ოდესღაც, ისევ რომ მეგობრულში გადაიზარდოს - ეს არ იქნება მარტივი. რომ გითხრათ, რაიმე საბუთი გამაჩნია, რწმუნებულება იმისა, რომ ძალიან სწრაფად გავხსნით და დავიწყებთ სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთთან, ამაზე არ მაქვს არანაირი საბუთი, გარდა იმისა, რომ მემგონი რუსეთსაც არ აწყობს ასეთი ურთიერთობები. ყველაფერი ჩიხში შეიყვანა დღევანდელმა ხელისუფლებამ, ზოგჯერ ეჭვი გიჩნდება, რომ ეს ყველაფერი ხელოვნურად გაკეთდა, ომამდეც კი, მაგრამ მე არ მინდა ახლა ხელისუფლების ღრმა კრიტიკაზე გადავიდე, რომელმაც მოახერხა და ნაწილობრივ მაინც სახის შენარჩუნებას შეეცადა. აღარ მინდა უკან დავრუნდე და ღრმა კრიტიკაში წავიდე", - აღნიშნა ივანიშვილმა.
ივანიშვილის განმარტებით, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მისი მთავრობა ყოველგვარი წინაპირობის გარეშე დაიწყებს მცდელობას, რომ რუსეთთან კულტურული და სავაჭრო ურთიერთობები აღდგეს.
"იმედი მაქვს, რომ შედეგს მივირებთ. თუ ყველაფერი იდეალურად განვიტარდება, მაშინ შესაძლოა წლევანდელი მოსავალიც გავიტანოთ, თუმცა წინასწარ ვერაბნაირ რწმუნებას ვერ ვიძლევი"- განმარტა ივანიშვილმა.