დიტო ცინცაძის ახალი ფილმი "შემოჭრა" უკვე ორი საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზიორია. ფილმის ქართული პრემიერა თბილისის მე-13 საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართება 3-9 დეკემბერს.
"შემოჭრა" მონრეალის მსოფლიო კინოფესტივალზე (World Film Festival, 23 აგვისტო - 3 სექტემბერი) ჟიურის სპეციალური გრანპრით დაჯილდოვდა. შვიდკაციანმა ჟიურიმ ბრიტანელი მსახიობის, გრეტა სკაკის თავმჯდომარეობით ფესტივალის მნიშვნელობით მეორე პრიზი ორ მონაწილეს გაუყო - დიტო ცინცაძესთან ერთად პრიზის მფლობელი ესპანელი რეჟისორი, იმანოლ ურიბე გახდა ფილმით "ფორთოხლის თაფლი".
"შემოჭრა" მონაწილეობდა აგრეთვე სანკტ-პეტერბურგის პირველი საერთაშორისო კინოფესტივალის (21-29 სექტებერი) საკონკურსო პროგრამაში. ფესტივალის საერთაშორისო ჟიურიმ სერბი რეჟისორის, ემირ კუსტურიცას თავმჯდომარეობით საუკეთესო მამაკაცი მსახიობისთვის დაწესებული პრიზი ("ოქროს ანგელოზი") მერაბ ნინიძეს მიანიჭა ფილმში განსახიერებული როლისთვის. ამავე ფილმში შესრულებული როლისთვის ჟიურის სპეციალური აღნიშვნა დაიმსახურა ცნობილმა გერმანელმა მსახიობმა ბურგჰარტ კლაუსნერმაც.
"შემოჭრა" გერმანულ-ავსტრიული კოპროდუქციაა.
დიტო ცინცაძე მრავალი წელია გერმანიაში ცხოვრობს და მუშაობს. გერმანიაში გადაღებულ მის ფილმებს ქართველი მაყურებელი პირველად თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე ეცნობა. ტრადიცია არც წელს დაირღვევა - ქართული პრემიერა თბილისის მე-13 საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართება.
თბილისის მე-13 საერთაშორისო კინოფესტივალი 3-9 დეკემბერი გაიმართება. ორგანიზატორია კინოხელოვნების ცენტრი "პრომეთე". თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა კულტურის სფეროში. კინოფესტივალის მიზანია, წარმოგვიდგინოს მსოფლიო და ქართული კინემატოგრაფის საუკეთესო ნამუშევრები, მაყურებელს გააცნოს ახალი, მაღალი მხატვრული ღირებულების მქონე კინოპროდუქცია და ხელი შეუწყოს ქართული კინოინდუსტრიის განვითარებას.
პროფესიული შეხვედრები, უორკშოპები, მასტერკლასები, რეტროსპექტივები და სხვა ინდუსტრიული ღონისძიებები, რომლებიც ყოველწლიურად იმართება, სტიმულს აძლევს ახალგაზრდა კინემატოგრაფისტების ნიჭისა და შემოქმედებითი ხედვის განვითარებას. ფესტივალმა საერთაშორისო მასშტაბით დიდი მნიშვნელობა შეიძინა. წლიდან წლამდე მატულობს ფესტივალზე ფილმის წარდგენისა და მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა.