7 ოქტომბერს, 11:00 საათზე, შარდენის ქუჩაზე, თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქ.თბილისის მერიის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს და საქართველოს მეჩაიეთა ასოციაციის მხარდაჭერით ქართული ჩაისა და თაფლის ფესტივალი გაიმართება.
ფესტივალზე, ტრადიციულად, წარმოდგენილი იქნება ქართული და კავკასიის სხვა რეგიონებში დამზადებული უმაღლესი ხარისხის ჩაის და მეფუტკრეობის პროდუქცია.
ჩაი ის კულტურაა, რომელსაც მეჩაიეობის რაიონებში სოციალურ-ეკონომიკური და ეკოლოგიური თვალსაზრისით ალტერნატივა არ გააჩნია, ამიტომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო მხარს უჭერს ინიციატივიანი მეწარმეების მცდელობას, განახორციელონ მსგავსი ტიპის ღონისძიებები ჩაის მრეწველობის რეაბილიტაციის და პოპულარიზაციის მიზნით.
რაც შეეხება ქართულ თაფლს, იგი ერთ-ერთი საუკეთესოა სამეურნეო და ბიოლოგიური თვისებებით და მასზე დიდი მოთხოვნილებაა, როგორც შიდა ისე მეზობელი ქვეყნების ბაზარზე. აღსანიშნავია, შპს "ბრეტი", რომელიც სტაბილურად აწარმოებს სხვა ქართველ მეწარმეებთან ერთად ქართული თაფლის მაღალხარისხიან პროდუქციას.
ქართული "ჩაისა და თაფლის" ფესტივალი და მსგავსი ტიპის ღონისძიებები შესაძლებობას მისცემს საქართველოს, როგორც ერთ-ერთ ტრადიციულ ქვეყანას, საერთაშორისო ბაზარზე თავისი ნიშა დაიმკვიდროს.