აფხაზეთს აღებული აქვს კურსი თავისი დამოუკიდებლობის ფართო საერთაშორისო აღიარებაზე, მაგრამ შეუძლებელია მას არ აინტერესებდეს მეზობელ საქართველოში მიმდინარე მოვლენები, - ეს განცხადება საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგების კომენტირებისას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა სტანისლავ ლაკობამ გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
ლაკობა ასევე აცხადებს, რომ "ქართულ ოცნებაში" ნაკლებად ისტერიკული და სავსებით შეგნებული ხალხია, რომლებთანაც "საუბარი შეიძლება".
"ჩვენ თუ სამშვიდობო ხელშეკრულებამდე მივედით, ეს რა თქმა უნდა იქნება გარღვევა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში. "ქართული ოცნების" ზოგი კაშკაშა წარმომადგენელი აცხადებს, რომ ისინი აფხაზეთთან, როგორც კონფლიქტის მონაწილე მხარესთან საუბრის წინააღმდეგნი არ არიან და არც მისი დამოუკიდებლობა გამოურიცხავთ",_ აცხადებს ლაკობა.
ამასთან ერთად, აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მდივანი, შორს არის იმ აზრისგან, რომ რუსულ-ქართული ურთიერთობების მოგვარების შემთხვევაში "აფხაზეთს ვისმეს მისცემენ" ვინაიდან "დღეს რუსული პოლიტიკა საკმაოდ პრაგმატულია".
ლაკობა ასევე აცხადებს, რომ მისთვის საქართველოში გამართულ არჩევნებზე მიღებული შედეგები მოულოდნელი არ ყოფილა, ვინაიდან მისი თქმით, "ცხადი იყო, რომ ამერიკულმა ადმინისტრაციამ გარკვეული პოზიცია დაიკავა და ბიძინა ივანიშვილს უჭერდა მხარს.
"ამისათვის საკმარისი იყო წაგეკითხათ არჩევნებამდე რამდენიმე ხნით ადრე საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩების, მათ შორის კორტნისა და მაილსის გამონათქვამები იმის შესახებ, რომ სააკაშვილს არ უნდა დაავიწყდეს ის თუ რატომ მოხდა "ვარდების რევოლუცია" 2003 წელს. მაილსმა კი ეს გააკრიტიკა გაუგებარი საგარეო პოლიტიკისა და ოპოზიციის წინააღმდეგ ძალის გამოყენების გამო. იგივეს ლაპარაკობდნენ ელჩები კორტნი და ტეფტი", - აცხადებს ლაკობა და აღნიშნა, რომ ცხადი იყო, რომ ეს ადამიანები საკუთარ აზრებს არ გამოხატავდნენ.
მისივე თქმით, სააკაშვილი არწმუნებდა ამერიკის ხელისუფლებას, რომ მას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემების მოგვარება ძალისმიერი გზით შეუძლია და მას ამისათვის გარკვეული დროც მისცეს, მაგრამ ეს არ მოხდა. იგი აშკარად შეფერხდა. ხოლო მდგომარეობის შემდგომი ესკალაცია აშკარად არამომგებიანი იყო აშშ-სათვის იმის ფონზე, რომ მას ურთულდებოდა რუსეთთან ურთიერთობები.
ამასთან ერთად, ლაკობას თქმით, ეს ურტყამდა სხვა მტკივნეულ ადგილებსაც, ისეთებს როგორიც არის სირია, ირანი, რთულ მდგომარეობას ავღანეთში ვინადან რუსეთის გავლით მიდის ტვირთის ტრანზიტი ამ ქვეყანაში.